Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრები შრომის ამერიკული ფედერაციის-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის სოლიდარობის ცენტრთან

2015 წლის 2 მარტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გაიმართა შეხვედრა შრომის ამერიკული ფედრაციის-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. სოლიდარობის ცენტრს წარმოადგენდნენ: ცენტრის დირექტორი ქალბატონი შონა ბადერ-ბლაუ, ცენტრის რეგიონული დირექტორი ბატონი რუდი პორტერი და ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორი ბატონი სტანისლავ ჩენიუხი. შეხვედრა გაიმართა როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობასთან, ასევე გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობასა და ქალთა კომიტეტთან.
პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობასთან შეხვედრა გახსნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. მან გამგეობის წევრებს გააცნო სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელები და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა განამტკიცებს ქართულ-ამერიკულ პროფკავშირულ თანამშრომლობას მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი უფლებების წარმატებულად დასაცავად.
ქალბატონმა შონა ბადერ-ბლაუმ ქართველ პროფკავშირელებს გააცნო მისი პროფკავშირული ბიოგრაფია და აღნიშნა რომ პროფკავშირული მოღვაწეობა მისთვის ტრადიცაა, მისი მამა დიდი ხნის განმავლობაში იყო ამერიკის პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე. მან ქართველ პროფკავშირელებს აღუთქვა სოლიდარობის ცენტრის მხრიდან სრული პროფკავშირული მხარდაჭერა მათ საქმიანობაში.
ბატონმა რუდი პორტერმა აღნიშნა, რომ სოლიდარობის ცენტრისთვის ცნობილი თუ რა რთულ ვითარებაში უწევდა და მეტ წილად დღესაც უწევს მუშაობა ქართულ პროფკავშირებს. მან განაცხადა: “საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები, მათი გულისხმიერი შესრულების შემთხვევაშიც კი საჭირო ცვლილებების მესამედიც კი არ არის და სოლიდარობის ცენტრი მხარს დაუჭერს ქართული პროფკავშირების კეთილშობილურ ძალისხმევას, რომ მშრომელთათვის აუცილებელი ცვლილებები შრომის კოდექსში სრული 100%-თ განხორციელდეს. აშშ-ს შრომის დეპარტამენტი იწყებს ახალ პროექტს საქრთველოში, რომელიც მიმართული იქნება შრომის ცივილიზებული სტანდარტების, მშრომელთა უფლებების დაცვის დამკვიდრებაზე“.
ბატონმა სტანისლავ ჩენიუხმა შესავალში მიუთითა, რომ საქართველოში ერთწლიანი მუშაობის შედეგად ის თითქმის გაქართველდა. მისი მუშაობა და თავად სოლიდარობის ცენტრის დირექტორატის ვიზიტიც ემსახურება საქართველოს მშრომელთა და მათი პროფკავშირების საქმინობის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.
შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები და პოზიცა გამოხატეს გაერთიანებაში შემავალმა პროფკავშირების წარმომადგენლებმა.
საქართველოს მშენებლობისა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ მარინა კურტანიძემ ყურადღება გაამახვილა დარგებში არსებულ შრომით ტრამვატიზმზე, რის დასაძლევად აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ცივილიზებული ნორმების დამკვიდრება.
საქართველოს კომუნალური მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა პრობლემატურ საკითხად გამოყო ადმინისტრაციების მხრიდან „ყვითელი“ პროფკავშირების შექმნის მოდა და ამით პროფკავშირული საქმიანობის პროფანაციის მცდელობა.
საქართველოს ვაჭრობის მუშაკთა და თვითდასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარემ მირანდა მანდარიამ მიუთითა იმ დიდ განსხვავებაზე რაც არის დასაქმებულთა მდგომარეობაში, როცა გადასახადის გადამხდელი თვითდასაქმებული ვერ სარგებლობს ისეთი სიკეთეებით როგორიცაა ბიულეტენი, დეკრეტული ანაზღაურება. თუ ქვეყანაში დაგროვებითი სისტემის პენსია დაკანონდება, არის საფრთხე რომ თვითდასაქმებულები საერთოდ პენსიის გარეშე დარჩებიან.
საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ სულიკო მაშიამ მაგალითად მოიყვანა მდგომარეობა “საქართველოს ფოსტაში“, სადაც არა მხოლოდ “ყვითელი“ პროფკავშირი შექმნა ადმინისტრაციამ, არამედ ხელის ერთი მოსმით 150 ადამიანი გაუშვა სამუშაოდან და შემოიღო ერთ თვიანი შრომითი კონტრაქტებიც. პროფკავშირმა სასამართლოს წესით სამუშაო ადგილზე 11 ადამიანი აღადგინა. ადმინისტრაციამ პროფკავშირის არჩევითი ორგანოს სამი წევრი დაითხოვა და უარს ამბობს ხელი მოაწეროს უკვე შეთანხმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ამირან ზენაიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დიალოგის სირთულეზე მის დარგში.
საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ აჩვენა თუ როგორ ხორციელდება ანტიპროფკავშირული ქმედებები რკინიგზაში. სადაც მხოლოდ ახალი პროფკავშირის გამგეობიდან 4 წევრია განთავისუფლებული. ადმინისტრაცია უკვე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასაც გაურბის.
თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირებისთავმჯდომარემ ბესიკ ხარატიშვილმა აჩვენა რომ სოლიდარობის ცენტრის აქტიურმა მხარდაჭერამ ახალი სიცოცხლე მისცა პროფკავშირს მეტროპოლიტენში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ როც შეწყდა სამინისტროს დესტრუქციული ზეწოლა განათლების მუშაკებზე პროფკავშირის რიგებმა იწყო აღდგენა და დღეს მათ რიგებში უკვე 35 ათასზე მეტი წევრია.
საქართველოს მეტალურგთა, მაღაროელთა და ქიმიური წარმოების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ ყურადღება გაამახვილა დამსაქმებელთა მცდელობებზე რეალური პროფკავშირები ჩანაცვლდეს „ყვითელი“ პროფკავშირებით.
გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა შეაჯამა რა შეხვედრა გაერთიანების გამგეობის წევრებთან აღნიშნა, რომ საერთო პროფკავშირული სოლიდარობის წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია ქართველი პროფკავშირელების აქტივობაზე, მათ პროფკავშირულ გაუტეხლობაზე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სოლდარობის ცენტრის წარმომადგენლებს საკუთარი აქტივობა დოკუმენტური ფილმით გააცნო.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი აფციაურმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პროფკავშირელები აქტივობის ავანგარდში იდგებიან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად თავს არ დაზოგავენ ქვეყანაში მშრომელი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის.
გაერთიანების აპარატის უფროსმა ლაშა ბლიაძემ მიუთითა რომ ნათლად იგრძნობა ნეოლიბერალური იდეოლოგიის გაფანტვის პროცესი და ახალგაზრდობის დაინტერესება მათი სოციალური უფლებების ერთად დაცვაში.
სტუდენტმა გიგა ბექაურმა აღნიშნა რომ ქართველი სტუდენტებისთვის მშრომელთა უფლებები და ადამიანის უფლებები საერთო ცნებაა და მათ დასაცავად ყველაფერს გააკეთებს პროფკავშირული ახალგაზრდობა.
საქართველოს პროფკავშირების ქალთა კომიტეტი წარმომადგენლობითი დელეგაციის შეხვედრა გახსნა მისმა თავმჯდომარემ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა. მან სტუმრებს ქალთა შრომითი მდგომარეობის სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო. ქალთა კომიტეტის უმთავრესი ამოცანებად დასახა ქალთა ინფორმირება, რეგიონების მოცვა, შრომის უსაფრთხოება, ქალთა გააქტიურება, კომიტეტების რიცხობრივი ზრდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის # 156 და # 183 კონვენციების რატიფიცირება.
ქალთა კომიტეტის წევრებმა მარი ალუღიშვილმა(განათლება), მაია შავიშვილმა (თბილისის მეტროპოლიტენი), ნატალია გოგავამ (ჯანდაცვა), ინეზა ცომაიამ (დევნილები), რაისა ლიპარტელიანმა (სამართლის ექსპერტი), მანანა გელაშვილმა (საჯარო სამსახური), კლარა მაჭარაშვილმა (სოფლის მეურნეობა და მსუბუქი მრეწველობა), მარინა რაზმაძემ (საქართველოს ფოსტა) სოლიდარობის ცენტრის დირექტორატს გააცნეს მშრომელი ქალების ფაქტობრივად დისკრიმინაციული შრომის პირობები, განსაკუთრებით კი თანასწორ შრომაში უთანასწორო ანაზღაურება, დევნა პროფკავშირული აქტივობისთვის, დამსაქმებელთა მხრიდან უარი სოციალურ დიალოგზე და ზეგანკვეთური შრომის მოძალება.
სოლიდარობის ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა შონა ბადერ-ბლაუმ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქართველ პროფკავშირელ ქალბატონებს მათ მოღვაწეობაში და შრომით ურთიერთობებში ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევაში.
შეხვდრების დასასრულს ქართველმა პროფკავშირელებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ამერიკელ პროფკავშირელებს და დაადასტურეს საქართველოს პროფკავშირების ურყევი ნება გააგრძელონ შრომა და ბრძოლა მშრომელთა სმართლიანი მოთხოვნების ცხოვრებაში სრულად განსახორციელებლად, ქვეყანაში ცივილიზებული შრომითი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
shexvedrebiდავით არაბიძე. სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვის

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.