შ.პ.ს „რუსთავის აზოტმა“ დავით ბუაჩიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა აპელაციამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმე პროფკავშირის კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულდა.
მოგეხსენებათ, შპს “რუსთავის აზოტი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის, სარემონტო მექანიკური საამქროს პროფკავშირის თავმჯდომარის, დავით ბუაჩიძის საქმე, რომელიც გასულ წელს კომპანიის ადმინისტრაციამ შრომითი სამართლის სხვადასხვა ნორმების დარღვევის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა, რუსთავის სასამართლოში დასაქმებულის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
დავით ბუაჩიძე ერთადერთი იყო „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა შორის, რომლებსაც გასული წლის 1 აგვისტოდან ახალი ერთწლიანი შრომითი კონტრაქტი არ გაუფორმეს. „რუსთავის აზოტმა“ დაარღვია საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, რომელიც პროფკავშირის არჩევითი წარმომადგენლის მიმართ რაიმე ტიპის დისციპლინარული სასჯელის დაკისრების ან განთავისუფლების შემთხვევაში, მის წინასწარ ინფორმირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ბუაჩიძეს ახალი შრომის კოდექსის მიხედვით ეკუთვნოდა შრომის უვადო კონტრაქტი, საწარმოში მისი მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით, რაც ასევე არ შესრულდა.
პროფკავშირის წარმომადგენელის საქმე თბილისის სასამართლოში გაგრძელდა, სადაც მოსარჩელეს იურიდიულ მომსახურებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი უწევდა.
სასამართლომ პროფკავშირის სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა და შ.პ.ს“ რუსთავის აზოტს“, ბუაჩიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მისი სამსახურში აღდგენა და 2014 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამდენად, მიუხედავად კომპანიის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, 6 აგვისტოს, სააპელაციო პროცესი კვლავ დავით ბუაჩიძის სასარგებლოდ დასრულდა.