წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში (ყოფილი “მიხაილოვის” საავადმყოფო) პროფკავშირი დაფუძნდა.
პირველადი ორგანიზაცია კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს. მედპერსონალს გამუდმებით უგვიანდება ხელფასი, ხშირია დაუსაბუთებლად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები და თანამშრომლებს არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა. დასაქმებულები ასევე საჭიროებენ საკვალიფიკაციო გადამზადებას.
პირველადი პროფკავშირის სადამფუძნებლო კრებაზე თავმჯდომარედ ნეიროქირურგი კონსტანტინე ჩუტკერაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ კი სალომე ლოლუა. კრებას ესწრებოდნენ მედიცინის ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ამირანაშვილი და გენერალური მდივანი ირაკლი ტყეშელაშვილი. არჩევნების პროცედურის დასრულების შემდეგ დეტალურად განიხილეს არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები.