სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
შრომას , როგორც მოვლენას მრავალათასწლიანი ისტორია აქვს. მშრომელი ადამიანი ყოველთვის იღწვოდა, რომ მისი შრომა ყოფილიყო ღირსეული. ისტორიამ ბევრი მაგალითი შემოინახა, რომელიც ადასტურებს თუ რაოდენ დიდ ძალისხმევას საჭიროებდა ღირსეული შრომის მიღწევისთვის ბრძოლა. ძველი წელთ აღრიცხვით მე-12 საუკუნეში ეგვიპტის ფარაონის რამზეს მესამის პირამიდის მშენებლობისას დასაქმებულები, რომლებიც პირადად თავისუფალი ადამიანები იყვნენ, გაიფიცნენ. მე-14 საუკუნეა ევროპაში გამოჩნდა პირველი მანუფაქტურები და აქ დასაქმებული ფლორენციელი ფეიქრები იფიცებიან. მთავარი კი წინ არის მე-18 საუკუნეა და ინგლისში იწყება სამრეწველო რევოლუცია, ეს კი ნიშნავს მუშათა კლასი იწყებს ჩამოყალიბებას. მუშები აგროვებენ საერთო სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილებას. დაწყებული სარეწველო გადატრიალება ზრდის ქალაქებს, რომელთა გარეუბნებში ჩნდებიან მუშათა კვრტლები და რაიონებიც კი. მანუფაქტურებს ფაბრიკები სცვლიან. პირველი რასაც ამ ცვლილების შედეგად მუშა ხედავს არის ის რომ გაიზარდა მისი ექსპლუატაცია და მანქანებმა იწყეს ადამიანების ჩანაცვლება. პირველი აღქმა, პირველი რეაქცია და პირველი პასუხი – ნედ ლუდის მიმდევრები გამოდიან ასპარეზზე. ლუდიტები იწყებენ საძულველი, საშინელი მანქანების ნგრევას, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ რომ არა მანქანები კი არ არიან მათი მჩაგვრელები, არამედ თავად გარემო და პირობები, ეკონომიკური და სოციალური სისტემა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინდუსტრიალიზაცია ისე დაიწყო და გავრცელდა რომ არც არავის არ უზრუნვია შრომით კანონმდებლობაზე. მუშებისთვის კიდევ უარესი ხდება – საფრანგეთსა და ინგლისში ბურჟუაზიული პარლამენტები იღებენ მუშათა გაფიცვების ამკრძალავ კანონებს. მუშა მამაკაცები ხედავენ რომ სამუშაო დრო კიდევ უფრო გაიზარდა, ხელფასი კიდევ უფრო შემცირდა, ფაბრიკებში სამუშაოდ ქალები და ბავშვებიც კი მოჰყავთ, მუშისთვის არც შვებულებაა, არც დაზღვევა და არც პენსია. მუშები იწყებენ დარაზმვას და ქმნიან ურთიერთდახმარების სალაროებს, ჩნდებიან პირველი პროფკავშირები. მუშათა საზოგადოებრივი გაერთიანებების მთავარი მიზანი ხდება ზრუნვა ხელფასზე, შრომის უსაფრთხოებაზე, მუშის სოციალურ ინტერესებზე და რაც უმნიშვნელოვანესია 8 საათიანი სამუშაო დღეზე.
1834 წელის ინგლისში პირველად ირაზმება რამდენიმე დარგის პროფკავშირი ერთ დიდ გაერთიანებად, რომელიც დღეს ბრიტანეთის პროფკავშირების კონგრესის სახელითაა ცნობილი. ასეთი გაერთიანებები ჩნდებიან უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზეც. პირველები კი ვინც 1856 წელს 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით გამოდიან არიან დარაზმული ავსტრალიელი მუშები. ევროპაში კიდევ უფრო შორს მიდიან და გერმანიაში 1863 წელს მუშათა პოლიტიკური კავშირიც კი იქმნება.
მიუხედავად სამრეწველო ნახტომისა და შრომის ნაყოფიერების ზრდისა ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი სამუშაო დღე 12 და ხანდახან 14 საათსაც კი აღწევს. მუშათა წინაშე მდგომი სამუშაო დღის შემცირების სოციალური ამოცანა მართლაც მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობისაა. ამერიკის შეერთებულ შტატები უკვე მთელი სიჩქართ არის მიისწრაფვის პირველობისკენ ინდუსტრიაში და მის ასეთ მოწინავე ინდუსტრიულ ქალაქ ჩიკაგოში მუშები ცენტრალურ მოედანზე გამოდიან მოთხოვნით „8 საათიანი სამუშაო დღე, ხელფასის შეუმცირებლად“, პირველი მაისია 1886 წელი. ეს ის ეპოქაა, როდესაც სოციალური ურთიერთობის მოდელი და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალზე არის ორიენტირებული. ასეთ პირობებში მუშებს უპასუხეს რეპრესიებით. ხდება აფეთქება და იღუპებიან მუშები, მსხვერპლია რეპრესიულ აპარატშიც. სახელმწიფო აპატიმრებს რამდენიმე მუშა-ლიდერს და ტერორიზმის ბრალდებით სიკვდილით სჯის. გადის დრო და დასტურდება მუშა-ლიდერები უდანაშაულონი იყვნენ წაყენებულ ბრალდებებში. არა და არა უქმად არ ჩაუვლია ჩიკაგოელ მუშათა დაღვრილ სისხლს. 1889 წელი, პარიზი, მეორე ინტერნაციონალის კონგრესი – 1 მაისი, ჩიკაგოელი მუშების ბრძოლის დღე, ცხადდება 8 საათიანი სამუშაო დღისა და სხვა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-შრომითი მოთხოვნებისთვის საერთო ძალისხმევის დღედ.
1890 წლიდან 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა და მას უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე აღნიშნავენ. საქართველოც უერთდება მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის აღნიშვნას და უკვე მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან პირველი მაისი ბრძოლით აღინიშნება. ისევე როგორც ყველგან აქაც ეს დღე 8 საათიან სამუშაო დღის მოთხოვნას უკავშირედება, რაც არაა საკვირველი რადგან სამუშაო დღე თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მეფის კანონმდებლობით 11,5 საათია დადგენილი.
მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში 1 მაისი იყო როგორც ბრძოლის, ასევე ზეიმის დღეც და მას მშრომელები თავის პროფკავშირებთან ერთად ყოველთვის აღნიშნავდნენ. დღეს 1 მაისი, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არაა ოფიციალური დღესასწაულის, დასვენების დღე, მაგრამ ამ დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საბრძოლო შემართებით ხვდება, დარაზმულ მშრომელებთან ერთად, რადგან შრომითი უფლებები ადამიანის უფლებებია. საქართველოს პროფკავშირები იღწვის პროგრესული სოციალური და შრომითი კანონმდებლობისთვის, პირველი მაისი კი ამ სამართლიანი პოზიციისა და მოთხოვნის საჯაროდ წარმოჩენის, მის მისაღწევად უწყვეტი ძალისხმევის დღეა. ქართველი პროფკავშირელები ულოცავენ ყველა კეთილი ნების ადამანს ამ ღირსეულ დღეს – პირველ მაისს!