საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ უსაფრთხო და ღირსებული შრომა კიდევ ერთი საპროტესტო აქციით მოითხოვა. მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და საკუთარი მოთხოვნების გასახმიანებლად სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებმა პირველ მაისს ვარდების მოედნიდან თბილისის პარლამენტის შენობამდე მსვლელობით გაიარეს.
დასარტყამი ინსტრუმენტებით, შეძახილებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატით აქციის მონაწილეებმა მთავრობას სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს. მათი თქმით, შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად- როგორც უსაფრთხოების, ისე ანაზღაურების კუთხით- სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს დასაქმებულებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან, მათ შორის: ზესტაფონიდან, ხარაგაულიდან, აგარიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან და ა.შ.
ისინი პროფკავშირების სულისკვეთებას იზიარებენ და დასაქმებულთა უფლებების დაცვას მოითხოვენ. აქციის ერთ ერთი მონაწილე, მაღაროელი ზურაბი აცხადებს:
“მაღარო, საერთოდ, საკმაოდ რთულად მოსამარაგებელია. სჭირდება დამტვირთი მანქანები, გამაგრება, სპეციალური რკინიგზა და ა.შ. რომლებიც ზოგჯერ უხარისხოა, ხშირად კი ნაკლებია. ძირითადად მოძველებული ტექნიკით ვმუშაობთ. ახლა შემოიტანეს დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანები, რომელსაც გარდა იმისა, რომ ასრულებს თავის სამუშაოს, უარყოფითი თვისებებიც აქვს: გამონაბოლქვი, რომელიც გამოიყოფა ძრავებისაგან, გვირაბებში, სადაც საკმარისი განიავება არ არის, იწვევს დაბინძურებას, რომელსაც ადამიანებიც ვსუნთქავთ”, – განაცხადა მან.
ამირან მაჩიტიძის თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და მოლაპარაკებების დროში გაწელვას ცდილობს, რის გამოც, არ არის გამორიცხული, მშრომელებმა რადიკალურ გზებს მიმართონ:
“ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. დღესაც დავა გვაქვს კომპანიასთან, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენელიც ჩაერთო. არ ითვალისწინებენ იმას, რომ გაუფასურდა ლარი, მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა… კომპანია ძალიან ხშირად დროს წელავს, გვპირდებიან და არ ასრულებენ. დღესაც ვერ მოვრიგდით და შესაძლოა, მაისის თვის 10-15 რიცხვიდან გაფიცვაც დაიწყოს, იმ დონეზეა საქმე მისული”.
პროფკავშრების აქციას ღირსეული და უსაფრთხო შრომის მოთხოვნით “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო ლევან ცუხიშვილიც, რომელიც ამჟამად საწარმოში მოქმედი პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და გვარჯილის საამქროშია დასაქმებული. მისი თქმით, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის გარდა, უნდა შეწყდეს პროფკავშირების წევრობის ნიშნით დევნა, რაც სხვადასხვა ფორმით დღემდე ხდება.
“ყველა მუშის გვერდით ვიქნებით. მნიშვნელობა არ აქვს, მეშახტე იქნება ის თუ მეტალურგი. აუცილებელია უსაფრთხო შრომა, შესაბამისი ანაზღაურება და არავითარი შევიწროება პროფკავშირების წევრობის გამო.
პირადად არ მოდიან[ხელმძღვანელობა], თუმცა მათი დავალებით მოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გამოდით პროფკავშირებიდან და თქვენ არავინ შეგეხებათ, თუ არადა, დროთა განმავლობაში სამსახურის დატოვება მოგიწევთო.
პროტეტსი მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფომ დაინახოს, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთმანეთს არასდროს მივატოვებთ. თუ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა, ამ მხრივ მოსახლეობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული”, – განაცხადა ლევან ცუხიშვილმა.
პროფკავშირების სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს კი 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
- 1 მაისს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.
პროფკავშირების განცხადებით, წლებია მშრომელთა ინტერესებისათვის საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს, როგორც არაერთი კოლექტიური ბრძოლის ორგანიზატორი. მათი თქმით, ამის გამო შემდეგში სხვადასხვა ბიზნესჯგუფების მხრიდან უწევს დარტყმების მოგერიება.
პროკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ხოლო ჩაგვრა გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ტრადიციად:
“სოციალურად უპასუხისმგებლო ბიზნესის თავნებობას ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოაქვს. დროა გაიღვიძოს ხალხმა, დროა სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა მშრომელთა, ყველასგან მივიწყებული, ინტერესების დასაცავად.”
საპირველმაისო მანიფესტაციის დროს პროფესიული კავშირებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ ქვეყანაში შრომითი და სოციალური სფეროების რეფორმირება განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებით, ყურადღება გამახვილდეს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და კონვენციების რატიფიცირების საკითხებზე.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს საპირველმაისო მანიფესტი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ –
აქციის ვრცელი ფოტოსიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ –