ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა და პანდემიასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაზარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანი თანაცხოვრების განცდა, რათა გავუმკლავდეთ შიდა და გარე საფრთხეებს. ამავდროულად, სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვა მეგობარი უკრაინელების მიმართ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
„2022 წლის პირველ მაისს საქართველოს მშრომელები, საქართველოს მოქალაქეები და მსოფლიო მშრომელები უდიდესი გამოწვევებით ხვდებიან და ბუნებრივია, ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, პანდემიურმა სიტუაციამ, უკრაინაში საომარმა მოქმედებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა და გაზარდა. გაზარდა რისკები ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისა, რომელიც ისედაც მრავლად გვქონდა. გაზარდა უთანასწორობისა და უსამართლობის გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ისედაც არსებობდა. მიუხედავად ჩვენი არაერთი წლის ბრძოლისა და გარკვეული შედეგებისა, როგორც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების სახით, ისე შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთხოების კანონის მიღების სახით, გამოწვევები დასაქმებულების წინაშე კვლავ მრავლად არის და დღეს, როგორც არასდროს, ამ გამოწვევებისა და რისკების ფონზე, ჩვენი ერთად დგომა მნიშვნელოვანია, იმ პრიოტეტების გადასაწყვეტად და მოსაგვარებლად, რომლებიც მრავლად დაგროვდა.
ჯერ კიდევ არ არის შექმნილი შრომითი სასამართლოები, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია, არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა, მამაკაცის ხელფასი ქალისას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შრომის დაფასება არათანაბარია. დასაქმებულები არ არიან ღირსეული შრომის პირობებითა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფილნი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, უმნიშვნლოვანესია.
ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი და-ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენთან, საქართველოშიც არიან. მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, არამალფუჭებადი თითო ნივთი მოიტანოს 15:00 საათზე 1 მაისს კანცელარიასთან“ – განაცხადა პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფესიული კავშირების გაერთიანება აქციაზე სხვა მოთხვნებთან ერთად კიდევ ერთხელ გააჟღერებს 1 მაისის დასვენების დღედ გამოცხადების მოთხოვნას.