შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და მისი საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების შესახებ იურისტები და პროფკავშირების ლიდერები სამდღიან კონფერენციაზე მსჯელობენ. მასში მონაწილეობას იღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პროფკავშირების ლიდერები და იურისტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროების ხელმძღვანელები და ექსპერტები ჟენევიდან, ბრიუსელიდან და შრომის საკითხების სპეციალისტები.
განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ფუნდამენტური პრინციპები და უფლებები სამუშაო ადგილებზე, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება კონვენციები 87 და 98, იძულებითი შრომა და ბავშვთა შრომა, შრომის საერთაშორისო სტანდარტები (ILS) დისკრიმინაციის შესახებ. კონვენციები 111 და 100 და აგრეთვე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაქმებულთა მთავარი გამოწვევები და პრობლემები.
კონფერენცია ადამიანის უფლებათა დღეების ფარგლებში იმართება და ეხება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დასაქმებულებს აქვთ საქართველოში და რეგიონის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ამ მნიშვნელოვან თარიღს და ადამიანის უფლებათა დღეებს, არაერთი ღონისძიება მიუძღვნა თბილისსა და რეგიონებში, გამართა ტრენინგები, ორი კვლევის პრეზენტაცია, ღია ოფისები და გამოაცხადა ფოტოკონკურსი თემატიკაზე “არა ქალთა მიმართ ძალადობას სამუშაო ადგილებზე”.