5.03.2013. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ვითარდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომლების პროტესტს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს უნდობლობას უცხადებენ და მათთან ერთaდ მოვითხოვთ უზრუნველყოფილ იქნას მათი მშვიდ გარემოში მუშობა, მიეცეთ მათ კომპეტენციების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება.
მიგვაჩნია, რომ განვითარებული სიტუაციით არ უნდა დაზარალდნენ თანამშრომლები და მათი შრომითი უფლებები ბოლომდე უნდა იყოს დაცული.
ვითარების ამ კონდიციაში გადასვლა მოსალოდნელი იყო და პროფკავშირებს ამაზე არაერთხელ უსაუბრია. ჩვენ პროტესტს გამოვთქვამდით მაშინ, როდესაც ბორდი იქმნებოდა- ისეთივე მეთოდებითა და იმავე ინტერესების გათვალისწინებით როგორც იქნმებოდა შრომის კოდექსი, ტარდებოდა ჯანდაცვის, განათლების რეფორმები. ბორდის შემდგენლობას წყვეტდა ერთი ადამიანი, ზუსტად ისე, როგორც წყვეტდა, თუნდაც იმას ვინ რა სამოსში უნდა გამოსულიყო კონცერტზე.
სამწუხაროდ საზოგადოებირივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებისას, ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვინც არსებული ბორდის წევრებზე მეტად გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, სურვილის მიუხედავად- არ მიეცათ უფლება ყოფილყვნენ ამ სტრუქტურაში და აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში, როგორც თანამშრომელთა სოციალური გარანტი, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებების გამოხატვაზე იზრუნებდა. მათ ნაცვლად ბორდის წევრებად ჩვენ ისეთი ანგაჟირებული ადამიანები მოგვევლინენ, როგორებიც თუნდაც გიგა ნასარიძე და გიორგი მელაძე არიან. ისინი კონკრეტული ადამიანის და პარტიის აზრს გამოხატავენ და იდეოლოგიას ატრებენ და არა საზოგადოების.
დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ყველა კანონიერ გზას მიმართოს ბორდის დასათხოვნად და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რომლებზეც დღემდე ჯერ კიდევ მოქმედ ბორდს არასდროს უზრუნია და მათი ინტერესები არასდროს გაუთვალისწინებია. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხიც პრაქტიკულად გადაწყვეტილია- რადგან დარწმუნებულნი ვართ თანამშრომელთა ერთობა ამას შეძლებს და მოვუწოდებთ საზოგადოებას დღსვე დაიწყოს ფიქრი ისეთი საზოგადოებირივ მაუწყებლის ჩამოყალიბებაზე, რომელიც რეალურად გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს და მაუწყებლის ყურადღებას შეაჩერებს იმ პრიორიტეტებზე რაც საზოგადოებას გააჩნია.