Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!

როგორც მთელი ჩვენი ქვეყნისათვის ისე პროფკავშირისათვის, 2012 წელი გარდამტეხი იყო. საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორია შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ – პირველ ოქტომბრამდე და პირველი ოქტომბრის შემდეგ. ბოლო 9 წელი პროფესიულმა კავშირებმა საქართველოში დისკრიმინაციისა და დევნის ქვეშ გაატარეს. იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დარგის პროფესიული კავშირების წევრებს ციხეში ჩასმითა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებოდნენ.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ დოლაბერიძეს ამბობს, რომBბოლო პერიოდში მათ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი სამუშაოების ჩატარება მოუხდა იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც სხვადასხვა ნიშნით (უმეტესად კი პროფკავშირული ნიშნით) სამსახურებიდან იქნენ დათხოვნილნი. 

იმის გამო რომ ქვეყანაში დამკვიდრებული იყო ძალიან ცუდი მენტალური და სისტემური პოლიტიკა, ხელისუფლების მოქმედება არ იყო აგებული ადამიანზე – როგორც მთავარ საფუძველზე. თამაზ დოლაბერიძის თქმით, სახელმწიფო არ ვითარდება მხოლოდ ახალი გზებითა და შენობებით. სახელმწიფოს ავითარებს სოციალურად ძლიერი მოქალაქე. მშიერი და უფლებაშელახული ადამიანებისაგან პატრიოტებს ვერ გაზრდი. შესაბამისად, თუ ქვეყანაში კოლექტიური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არ იქნებიან, სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ააშენებ. სახელმწიფო იდგა ბიზნესსა და დასაქმებულ მოქალაქეებს შორის და მათი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ დასაქმებულები ყოფილიყვნენ ჩუმად და მადლობა ეთქვათ მხოლოდ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო ადგილები შექმნეს. თუმცა, ცალკე თემაა რამდენად ღირსეული იყო ეს სამუშაო ადგილები.

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გაფიცვები ჭიათურის მაღაროებში დაიწყო. როგორც ბატონი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, თუკი გასულ წლებში ტყიბულში მუშების გარდაცვალებს მიზეზი ძირითადად მეთანის აირის დაგროვება იყო, ჭიათურის მთავარი პრობლემა იყო მოუწყობელი სალიანდაგო სისტემა, რომელიც ემსახურება მაღაროებს და რომლითაც ხდება მაღაროდან მადანის გამოტანა. 

თამაზ დოლაბერიძე: ”თუკი ჭიათურაში რაიმე ტრავმა და გარდაცველების ფაქტი ხდება, ეს ლიანდაგების გაუმართავობასთან არის დაკავშირებული. ლიანდაგები ბევრ ადგილზე არის ჩავარდნილი. როდესაც ელმავალი მიდის ლიანდაგზე, მას ზემოდან მიჰყვება ელექტროსადენები და ზოგ ადგილას ლიანდაგი იმ დონეზე არის ჩავარდნილი, რომ ელმავლის ბიგები ელექტროსადენს ვეღარ ეხება და მუშებს ხელით უჭირავთ ელექტროსადენები. ამის გამო მოხდა არაერთი ტრაგიკული შემთხვევა. იყო შემთხვევა, როდესაც ვაგონი გადაბრუნდა და ქვეშ მოიყოლა ადამიანები. ჭიათურის მეორე ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მაღაროებში არ არის სათანადო განათება. მაღაროში, სადაც ბუნებრივი განათების პერსპექტივა არ არსებობს, საჭიროა კარგი ხარისხის განათება, რომ ადამიანი არ დაშავდეს. 2 წლის წინ, მხოლოდ განათების ხარისხის ნაკლებობის გამო მოხდა საშინელება. ერთ-ერთ ადამიანს მატარებელი დაეჯახა და გასრისა. 

ჭიათურაში არსებული შვიდი მაღარო მდებარეობს ქალაქ ჭიათურის გარშემო. მადანი მაღაროებიდან მძიმე სატვირთო ავტომანქანების მეშვეობით გადააქვთ. ამის გამო, სოფლებთან მისასვლელი გზები უკვე იმდენად არის გაფუჭებული, რომ უამინდობის დროს, ადამიანები ფეხითაც კი ვერ ახერხებენ სოფლებიდან გადაადგილებას. ვერაფრით ვერ მოვიპოვეთ ხელშეკრულება, სადაც “ჯორჯიან მარგანეცს” აქვს ვალდებულება არსებული, გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. მე არ მჯერა, რომ ასეთი ხელშეკრულება არსებობს. ამას გარდა, ჭიათურის მაღაროებში საშუალო ხელფასი 700 ლარია და ეს ძალიან დაბალი ხელფასია მაღაროს რთულ პირობებში მომუშავე ადამიანებისათვის. საქართველოს შრომის ბაზარი გადავსებულია და დამსაქმებლებს ყოველთვის მოაქვთ არგუმენტად ის, რომ დასაქმების მსურველი ბევრია და თუ არ გინდა მუშაობა, მაშინ უნდა წახვიდე”. 

პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბევრ დასაქმებულს გაუჩნდა პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით – ყველამ დაინახა რომ წნეხი მოიხსნა და ყველამ იგრძნო, რომ პროფკავშირის ჩართულობა შრომით პროცესებში არის მნიშვნელოვანი. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს პროფკავშირის გაერთიანებისა და მისი დარგობრივი პროფკავშირების მომსახურება თავისი წევრებისათვის  – არის საკმაოდ მაღალი ხარისხის, 

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა ახალი წლის მონაცემებით, 5 ახალი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, სადაც დაახლოებით 1700 წევრია გაწევრიანებული. აქ შედის: რუსთავის “ფოლადის” 1000 თანამშრომელი, “ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას” 150 თანამშრომელი რუსთავის ცემენტის ქარხნიდან. მათ შორის ასევე შედის ქსნის მინის ტარის ქარხნის კოლექტივი, რუსთავში მდებარე შპს “ჯეოსთილი” და სხვა…  

თამაზ დოლაბერიძე: ”დარგობრივი პროფკავშირი თუ მონდომებს, მათთან გაწევრიანების მსურველი ადამიანები ყოველთვის ბევრი იქნება. მე ძალიან  მახარებს საქართველოს პედაგოგთა, ტრანსპორტის მუშაკთა და სხვა პროფკავშირების წარმატებებიც. მასწავლებელთა პროფკავშირმა დიდი წნეხის მიუხედავად, მაინც შეძლო ძველი წევრების დაბრუნება და განვითარება. ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი კი ერთ-ერთი ყველაზე კოლეგიალური და მეგობრული პროფკავშირია ჩვენს გაერთიანებაში. ისინი ხშირად ეხმარებიან სხვა დარგის პროფკავშირებს”.

გასულ წელს, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმატებულად მუშაობაზე მეტყველებს: ქსნის მინის ქარხანაში, “მადნეულში”, “კვარციტსა” და ზეტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაწყებული კოლექტიური მოლაპარაკებები. ქსნის მინის ქარხანაში პრაქტიკულად დასრულებულია ეს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი ხელშეკრულებას პროფკავშირსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ზეგანკვეთური შრომა იქნება ორმაგად ანაზღაურებული, სადღესასწაულო დღეებზე თანხა ორმაგად იქნება გადახდილი და პროფკავშირის წევრები სამართლებრივად იქნებიან დაცულნი. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პროფკავშირმა მიაღწია იმას, რომ  უახლოეს მომავალში ადმინისტრაცია დაახლოებით 2 მილიონ ლარს დახარჯავს სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ზეგანაკვეთური შრომისათვის ანაზღაურება და ღამის ცვლების დანამატი გახდება ხელფასის 20 %. ამას გარდა, სამართლებრივი გარანტიები შეიქმნება პროფკავშირის წევრებისათვის. აქედან გამომდინარე, აშკარა ხდება, რომ შრომითი უფლებების დასაცავად ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!

“ყველაზე კარგად ურთერთობები “კვარციტისა და ”მადნეულის” ხელმძღვანელობასთან დავამყარეთ. ამ ორ საწარმოს ერთი მენეჯმენტი ჰყავს და ვისურვებდი, რომ სხვა საწარმოების ხელმძღვანელებმაც ამ ადამიანებს მიბაძონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ამას არ გამოუწვევია არც ხელფასების შემცირება და არც დასაქმებულების უფასო შვებულებაში გაშვება. პირიქით – შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ხელფასების კორექტირება მოხდება ზრდის კუთხით. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ მძიმეწონიანი მანქანების მძღოლების ხელფასები მხოლოდ გამომუშავებით არ შემოფარგულიყო და მძღოლებს მოჭრილადაც დაუწესდათ 500 ლარიანი სარგო. მძღოლებს ამას გარდა, გამომუშავებაც რასაკვირველია ექნებათ და ახლა მათი ხელფასები 1500 ლარამდეც კი ადის. 

კოლექტიური ხელშეკრულება ასევე დადებული გვაქვს რუსთავის ”აზოტთან”, სადაც ძალიან ბევრი შეღავათი მიიღეს დასაქმებულებმა. წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება მხოლოდ სოციალურ პოლიტიკაზე, სადაც არ შედის სპეც-ტანსაცმელი და სხვა… დასაქმებულებს ერგებათ რძე და პერიოდულად 100 დასაქმებული ორგანიზაციის ხარჯებით მიდის წყალტუბოში დასასვენებლად. ამ კომპანიებში ყველაფერი იდეალურად რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ, სხვებთან შედარებით აშკარად უკეთესი მდგომარებაა, რაც ამ საწარმოებში არსებული ჩვენი პირველადი ორგანიზაციების დამსახურებაცაა. ამ ხალხმა იციან როგორ უნდა მოახდინონ ძალების მობილიზება და როგორ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები” – ამბობს ბატონი თამაზ დოლაბერიძე.

ახალი წევრების შემომატების შემდეგ, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრთა რაოდენობა 5500 ადამიანამდე გაიზარდა. თუმცა, არსებობს საკმაოდ რეალური პოტენციალი იმისა, რომ პროფკავშირის წევრთა რიცხვი მინიმუმ 10 ათასამდე გაიზარდოს. მეტალურგების პროფესიული კავშირისათვის 2013 წელი ძირითადად სწორედ ამ ახალი პოტენციური წევრების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის საჭირო სამუშაოებს დაეთმობა. პროფკავშირში გაწევრიანება ადამიანებისათვის არის თავის დაცვა იმ პრობლემებისაგან, რაც მას შემდგომში შეიძლება გაუჩნდეთ. ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლა უპირველეს ყოვლისა არის ბრძოლა ადამიანების ერთობის იდეის წინააღმდეგ. ბუნებრივად შობილი იდეის წინააღმდეგ ბრძოლას კი შედეგი თითქმის არასოდეს გამოუღია. 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.