2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს პროფკავშირთან კონტაქტზე გავიდა ქუთაისის „ჰერკულესის” ქარხანაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც საწარმოში არსებულ გაუსაძლის შრომით პირობებზე ჩიოდნენ. ქუთაისის „ჰერკულესის” საწარმო არ არის დიდი მეტალურგიული ქარხანა. ეს არის მცირე ზომის საწარმო, რომელიც აწარმოებს ფოლადის პროფილებს. ეს საწარმო, რომელსაც ბედის ირონიით ცნობილი ბერძნული მითოლოგიური დაუმარცხებელი გმირის სახელი ჰქვია, ეკუთვნის ქართულ–ინდურ კომპანია „ევრაზია სთილს” სადაც ქართველების წილი არის 25%. ამ საწარმოს დამფუძნებელი ინდური ფირმა მსხვილი ტრანსაციონალური კომპანიაა, რომელსაც სათავო ოფისი არაბეთის გაერთიანებულ საემირობეში აქვს.
თავიდანვე აშკარა გახდა, რომ “ჰერკულესში” იყო გაუსაძლისი შრომითი პირობები, ადგილი ჰქონდა ხელფასების დაგვიანებას და ელემენტარული უსაფრთხოების წესებიც კი არ იყო დაცული. იყო შემთხვევები, როდესაც განსაზღვრულ ხელფასზე ნაკლები თანხაც კი გადაუხადეს დასაქმებულებს. საწარმოს ერთ–ერთმა ქართველმა დირექტორმა ცინიკურადაც კი მიმართა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით მასთან მისულ მუშებს და უთხრა: “თქვენი ხელფასი ამუნიამ შეჭამაო.” ასეთი დამოკიდებულებებით აღშფოთებულმა დასაქმებულებმა საქართველოს პროფკავშირთან დაიწყეს ურთიერთობა და ამერიკის პროფკავშირების დახმარებით პირველ რიგში საწარმოს მუშებისათვის გაიმართა სემინარები, სადაც დასაქმებულებს გააცნეს მათი უფლებები და მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული უფლებები.
2011 წლის ივლისის ბოლოს, „ჰერკულესში” დაფუძნდა პროფკავშირი, სადაც გაწევრიანდა დაახლოებით 130 კაცი. აირჩიეს პროფკავშირის კომიტეტი, სარევიზიო კომისია და გამგეობა. თავიდან თავმჯდომარე სპეციალურად არ აირჩიეს, რადგან სურდათ მათი პროფკავშირი გამსხვილებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აერჩიათ თავმჯდომარე. პროფკავშირმა დამსაქმებელს, ინდოეთის სათავო ოფისს, „ჯეოსთილის” ქართულ წამომადგენლობას, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მისწერა სპეციალური წერილი, სადაც ასახული იყო „ჰერკულესში” არსებული რთული მდგომარეობა (ხელფასების კლება, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, შრომის უსაფრთხოების დაუცველობა და სხვა…) და სთხოვდნენ დაინტერესებულიყვნენ არსებული პრობლემებით. წერილი იყო თხოვნითი ხასიათის და საქართველოს პროფკავშირი იმედს გამოთქვამდა, რომ პრობლემების ურთიერთთანამშრომლობით მოგვარება მოხერხდებოდა.
წერილის ჩაბარების მომენტიდან (6 აგვისტო) 2 დღეში სამსახურიდან დაითხოვეს პროფკავშირის კომიტეტის 2 წევრი და სარევიზიო კომისიის ერთი წევრი. ეს ადამიანები უბრალოდ არ შეუშვეს საწარმოში და უთხრეს, რომ სამსახურიდან იყვნენ გათავისუფლებულები. გათავისუფლებულებს ისიც კი არ აუხსნეს, თუ რა მიზეზით გაუშვეს სამსახურიდან. ამის შემდეგ პროფკავშირმა კიდევ მისწერა წერილი დამსაქმებელსა და მინისტრს და სთხოვა, სიტუაციის გართულების გარეშე მოეგვარებინათ პრობლემები. პროფკავშირის ინტერესში საწარმოს გაჩერება არ შედიოდა და მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი კონფლიქტურ სიტუაციას თავად ქმნიდა, პროფკავშირის მხრიდან დიალოგის დაწყების სურვილი მაინც დიდი იყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მაშინდელ მინისტრს, ანდრია ურუშაძეს პროფკავშირმა ასევე სთხოვა, რომ როგორც სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს, მონაწილეობა მიეღო შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში. თუმცა, მინისტრი წერილს არც კი გამოხმაურებია. ამის შემდეგ, „ჰერკულესის” ხელმძღვანელობამ კიდევ 5 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან პროფკაშირული ნიშნით. ეს უკვე სულ სხვა ჭრილში გადადიოდა და საქართველოს პროფკავშირმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგზავნა წერილი, სადაც ქუთაისში შექმნილი ვითარება ნათლად იყო აღწერილი და უცხელ პარტნიორებს აცნობეს, რომ შესაძლებელი იყო გაფიცვა დაწყებულიყო.
ბოლოს საქართველოს პროფკავშირმა კიდევ ერთი (უკვე მესამე) წერილი მისწერა საწარმოს ადმინისტრაციას. წერილში ჩამოწერილი იყო პროფკავშირის მიერ საწარმოსათვის წაყენებული მოთხოვნები და ახსნილი იყო, რომ იწყებოდა შრომითი დავა. კოლექტიური შრომითი დავა არის პირველი ნაბიჯი გაფიცვისაკენ. კოლექტიური შრომითი დავის გარეშე გაფიცვაზე გასვლა არის უკანონობა. მიუხედავად მაშინ არსებული უვარგისი შრომის კოდექსისა, საქართველოს პროფკავშირმა ბოლომდე დაიცვა კოდექსის მუხლები და კანონის მიერ მოთხოვნილი ყველა საფეხური გაიარა. სრულმასშტაბიან გაფიცვამდე და დაიგეგმა გამაფრთხილებელი გაფიცვა.
2011 წლის სექტემბერში შედგა გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის შემდეგ, „ჰერკულესის” ხელმძღვანელობამ კვლავ უარი განაცხადა დიალოგზე და პროფკავშირის ლიდერების შემდეგ, სამსახურიდან პროფკავშირის აქტივისტებიც გაუშვეს. გამაფრთხილებელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია პრესაშაც გავრცელდა და საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდრომარემ, ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა ქუთაისში „ჰერკულესის” საწარმოს ჭიშკართან სპეციალური განცხადებაც გააკეთა. გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ, თითქმის ყოველდღე დასაქმებულებს ადმინისტრაცია იბარებდა და პროფკავშირიდან გასვლას სთხოვდა . ვინც პროფკავშირიდან გასვლაზე უარი თქვა, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სრულმასშტაბიან გაფიცვამდე უკვე 28 კაცი იყო სამსახურიდან გათავისუფლებული.
სექტემბრის შუა რიცხვებში, საქართველოს პროფკავშირის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა. საწარმოს ადმინისტრაციას თავიდან ჰქონდა საშუალება, რომ”ჰერკულესში” ქართველებთან ერთად დასაქმებული ინდოელი მუშების ხარჯზე წარმოების გარკვეული სიმძლავრე შეენარჩუნებინა. გაფიცვის პირველ დღეს შეეცადნენ თავი ისე დაეჭირათ, თითქოს მათთვის გაფიცვა არაფერს ცვლიდა და საწარმო ძველებურად აგრძელებდა ფუნქციონირებას. ინდოელი მუშები, რომლებიც „ჰერკულესის” ადმინისტრაციამ ინდოეთიდან ჩამოიყვანა, მუშაობდნენ ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. „ჰერკულესის” ქართველი თანამშრომლები ამბობენ, რომ ინდოელი მუშები მუშაობდნენ სპეც–ტანსაცმლის გარეშე და საზაფხულო ფლოსტებში გამოწყობილები ადნობდნენ ფოლადს, რაც ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმებს სცილდება. საწარმოში სულ ერთი საპირფარეშო იყო, სადაც არავინ არ დადიოდა, რადგან იქ საშინელი ანტისანიტარია სუფევდა. დასაქმებულები საჭმელს ხის ქვეშ ჭამდნენ და საშხაპეებზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. ამ ყველაფერმა დასაქმებულებზე რასაკვირველია იმოქმედა და პირველსავე დღეს გაფიცვაზე 110 კაცი გამოვიდა, რომლებიც დილის ცვლაში არ შევიდნენ. პროფკავშირმა ქარხნის ჭიშკართან მოცილებით გაშალა კარავი, (რომელიც შემდეგ პოლიციამ ძალის გამოყენებით წაართვა გაფიცვის მონაწილეებს და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დააბრუნეს უკან დაფლეთილ მდგომარეობაში) და სამმა პროფკავშირელმა ქარხნის წინ დაიწყო შიმშილობა.
გაფიცვის მეორე დღიდან უკვე ძალიან მძიმე პროცესები წარიმართა და ქარხანაში მხოლოდ ინდოელები დარჩნენ. ეს ხალხი საწარმოს ასამუშავებლად აღარ იყო საკმარისი და საწარმოს ადმინისტრაციამ დაიწყო ქარხანაში ახალი, სახელდახელოდ აყვანილი „მუშახელის” ანუ იგივე შტრეიკბეხერების ჩუმად შეყვანა. (უცხო ადამიანები ავტომანქანების საბარგულებით ჩუმად შეჰყავდათ საწარმოში) ეს ფაქტი გაფიცვის მონაწილეებმა გააპროტესტეს და ქუთაისის სამხარეო პოლიციის მხრიდან ძალადობაც ამის შემდეგ დაიწყო.
გაფიცვის მესამე დღეს, ღამის 10 საათზე 50–მდე პოლიციის მანქანამ გაფიცვის ადგილს ალყა შემოარტყა და დაახლოებით ორასმა პოლიციელმა გაფიცული მუშები ძალის გამოყენებით დაარბიეს, – ჩასვეს მანქანებში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციას პროფკავშირის ლიდერები არ დაუკავებია, რადგან როგორც ჩანს ხვდებოდნენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ეს კიდევ უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევდა. როგორც გაფიცვის მონაწილეები იხსენებენ, პოლიციის კოლონას წინ ფანჯრებდაბურული ჯიპი მიუძღვოდა, სადაც მჯდომი იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია ამოიცნეს.
პოლიციის მიერ დაკავებული გაფიცვის მონაწილე 35 ადამიანის მოსაძებნად საქართველოს პროფკავშირის ლიდერებს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ და ბოლოს სრულიად შემთხვევით მიაგნეს ქუთაისის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციას გაფიცვის მონაწილეები სპეციალურ საპოლიციო ჟურნალშიც კი არ ჰყავდა გატარებული. საქართველოს პროფკავშირი სასწრაფოდ დაუკავშირდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ კარი კაპიოლას, რომელმაც თავის მხრივ საქართველოს მაშინდელ პრემიერ–მინისტრს დაურეკა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი დახმარებისა და თანადგომის შედეგად, როგორც იქნა, უკანონოდ დაკავებული გაფიცულების გათავისუფლება მოხერხდა. გაფიცვის მონაწილეებს პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს, რომ ისინი აღარ გაიფიცებოდნენ, რაც პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონს აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ.
„გაფიცვის დაშლამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. საქართველოში მომხდარი ამ ფაქტით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა. მათ შორის უფლებადაცვითი ორგანიზაციაებიც, რადგან საწარმო „ჰერკულესში” ინდოელი მუშების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ნიშნებიც გამოიკვეთა. ინდოელ მუშებს ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები და როგორც საწარმოს ხელმძღვანელები ამბობდნენ, მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მუშებისათვის სამუშაო ვიზის გაგრძელება უფრო მარტივად მოეხერხებიანთ, რაც თავისთავად დიდ აბსურდს წარმოადგენს. ეს ფაქტი საქართველოს მთავრობამ მაშინ არ დაადასტურა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება” – ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გოჩა ალექსანდრია.
„ჰერკულესიდან” გათავისუფლებული 28 ადამიანიდან 25 დააბრუნეს სამსახურში და სამსახურის გარეშე დარჩა მხოლოდ სამი ადამიანი: ემილო გუმბერიძე, ირაკლი იობიძე და მალხაზ გოგიავა. ამ სამ აქტიურ პროფკავშირელს პრინციპულად არ აბრუნებდნენ სამსახურში. შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანები პოლიციამ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააპატიმრა ვითომდა ბარში ატეხილი ჩხუბის გამო და მიუსაჯეს 10 დღიანი პატიმრობა. რეალურად კი მოხდა ისე, რომ სამივე სხვადასხვა ადგილზე აიყვანეს, რაც ფაქტებითაც დასტურდება. ამ სკანდალის შემდეგ, საქართველოს პროფკავშირმა სასამართლოში და პროკურატურაში შეიტანა სარჩელი „ჰერკულესის” ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
ბრძოლამ საბოლოო შედეგი 2013 წლის 28 თებერვალს მაინც გამოიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ანჟელ ხუროძემ, გამოიტანა სრულიად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე და სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების სამივე მოთხოვნა: გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ემილო გუმბერიძის, ირაკლი იობიძეს და მალხაზ გოგიავას სამსახურში აღდგენა და დამსაქმებლის მიერ იძულებითი მოცდენის 13 თვის განაცდურის ანაზღაურება.
საქართველოს პროფკავშირის მხრიდან პროფკავშირის წევრთა უფლებების დაცვის ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ პროფკავშირი არასოდეს შეეგუება დასაქმებულების სამსახურებიდან უსამართლოდ დათხოვნას და სხვადასხვა (განსაკუთრებით კი სასამართლოს) გზით, მომავალშიც აუცილებლად ეცდება სამართლიანობის აღდგენას. ხანდახან „უძლეველი ჰერკულესიც” მარცხდება!