Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების დახმარებით 22 დასაქმებული, მათ შორის, შშმ პირები აუნაზღაურებელ ხელფასებს მიიღებენ

პროფკავშირების შუამდგომლობით, რამდენიმეთვიანი ინსპექტირების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურმა ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების ალიანსი დასაქმებულებთან მიმართებაში სამართალდამრღვევად ცნო. დასაქმებულების, მათ შორის, შშმ პირების მიმართ, სამართალდარღვევის დადასტურების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურმა დამსაქმებელს 1600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ დამსაქმებელს დაავალა როგორც 3 თვის აუნაზღაურებელი ხელფასის, ისე პირგასამტეხლოს გადახდა ხელფასის დაგვიანების ყოველი დღისთვის, გადასახდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით. დარღვევის გამოსასწორებლად დამსაქმებელს 30 დღე მიეცა

დასაქმებულებს სამართლებრივ დახმარებას პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე უწევდა. ორგანიზაციას დახმარება მოქალაქე დიანა ჯიშიაშვილმა გასული წლის აგვისტოში სთხოვა. განცხადებას ხელი 22-მა დასაქმებულმა მოაწერა, რომელთა შორის 12 შშმ პირია.

დამსაქმებელი ორგანიზაციის პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც დასაქმების მეშვეობით, შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერება უნდა ყოფილიყო, განმცხადებლებმა (ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების ალიანსის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაიგეს. ამ იდეით მოხიბლულები , ორგანიზაციის დირექტორის სახელის მქონე ფეისბუქ მომხმარებელს, რომელიც თავს თავადაც შშმ პირად აცხადებდა, ამავე ქსელის მეშვეობით დაეკონტაქტნენ.

დასაქმებულები სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში მოქმედ პლატფორმაზე „like4like“ მუშაობდნენ. ჰქონდათ რამდენიმე ანგარიში, რომელთა მეშვეობითაც იწერდნენ იუთუბ არხებს, იწონებდნენ გვერდებს და აზიარებდნენ ე.წ. „პოსტებს“. მოგვიანებით, მათ მოვალეობებს დაემატა სხვადასხვა კომპანიის სახელწოდებებისა და ელ. ფოსტების მონაცემთა ბაზების შექმნაც.

დასაქმებულთა ხელფასი, პოზიციების შესაბამისად შეადგენდა ხელზე ასაღებ 300, 600 და 1200 ლარს თუმცა, დამსაქმებელს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. მუშაობის დაწყების შემდეგ დასაქმებულებმა გაიგეს, რომ ორგანიზაციას „სტაჟირების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ანაზღაურება სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე უნდა მიეღოთ.

2021 წლის ივნისის თვეში, დამსაქმებელმა დასაქმებულებს დაფინანსების მოუპოვებლობის მოტივით მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა და ნამუშევარი 3 თვის ხელფასი აღარ აუნაზღაურა.

დაზარალებულებმა პროკურატურას მიმართეს. გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. მოგვიანებით, დაზარალებულებმა სწორედ პროფკავშირების დახმარებით მიმართეს საჩივრით შრომის ინსპექციის სამსახურს, რის შედეგადაც დამსაქმებელს მათთვის კუთვნილი აუნაზღაურების გადახდა დაეკისრა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.