Search
Close this search box.
Search
Close this search box.

28 აპრილი – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღე

 

 

1051454318045234010 images (1) download (1)

ავტორი: ნიკა კაკაშვილი

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შრომის უსაფრთხოების საკითხები მიიჩნია რა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, 2003 წლის 28 აპრილი გამოაცხადა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღედ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს თარიღი შრომის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 2004 წლიდან ტრადიციად აქცია “სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღის” აღნიშვნა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თავის საქმიანობაში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა და უთმობს  შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე ღირებული. სამწუხაროდ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, ამ მიმართულებით მოქმედი ინსტიტუციების უფლება-მოვალეობები და სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა პრიორიტეტული.

2007-2016 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 414 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. 2015 წელს  გარდაიცვლა 42, ხოლო  მძიმედ დაშავდა 80 დასაქმებული. სამწუხაროდ 2011 წლიდან  დღემდე სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების დინამიკა მზარდია.

ზემოაღნიშნული დროის პერიოდი არის ის პერიოდი, როდესაც  უკვე აღარ ფუნქციონირებდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რამაც ხელი შეუწყო  უბედური შემთხვევების ზრდას  სამუშაო ადგილებზე.

ჩვენ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის – “შრომის ინსპექციის შესახებ მრეწველობასა და ვაჭრობაში” რატიფიცირებას და ქმედითი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნას. ამისთვის, რამდენჯერმე იქნა განხილვები ინიცირებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში, გავმართეთ საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანების (№ 01-10/ნ) საფუძველზე შეიქმნა “შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი”. Aამ უწყებას არ გააჩნია უფლება-მოსილება საწარმოს ან ორგანიზაციის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ინსპექტირების განხორცილების და დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქციის გაცემის. “შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის” დებულება არ მოდის შესაბამისობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-კონვენციასთან. აქედან გამომდინარე ამ უწყების მუშაობა ვერ იქნება ეფექტური.

დღეის მდგომარეობით ის ინსტიტუციები, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებენ სახელმწიფო ზედამხედველობას და გააჩნიათ უფლება-მოსილება საჯარიმო-სანქციის გაცემის არის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის უირიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ვრცელდება და მერიის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის საქალაქო სამსახურები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობებშიც სხვა საკითხებთან ერთად შედის საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების კონტროლიც. თუმცა ამ უკანასკნელის მუშაობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ეფექტურად, რადგან სამუშაო ადგილებზე უბედური შემთვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ სამშენებლო სექტორშია.

შრომის სახელმწიფო ინსპექცია, განსხვავებით ზემოაღნიშნული უწყებებისგან, ზედამხედველობას ახორციელებდა არა მხოლოდ ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, სახელფასო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების, შვებულებების გაცემისა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მიუხედავად მათი საკუთრებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და აღნიშნულთან ერთად მათი წარმომადგენლობა იკვლევდა საწარმოო უბედურ შემთხვევებს.

მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს შრომის დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზაც, რომლითაც საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება. ქართულ ნორმატიულ აქტებთან ერთად კვლავ ძალაში რჩება 1992 წლამდე შემუშავებული და დამტკიცებული საბჭოთა ნორმატიული აქტები. Aამ მიმართულებით მთავრობის მხრიდან არის პოზიტიური ძვრები, კერძოდ, 2013 წლიდან ძალაში შევიდა ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტები- “ტექნიკური რეგლამენტები”, რომლებიც შემუშავდა მოქმედი კოდექსის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ”  შესაბამისად. Aახალმა “ტექნიკურმა რეგლამენტებმა” ჩაანაცვლეს, როგორც რუსული, ასევე ქართული ძველი ნორმატიული აქტები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნორმატიული ბაზის, რომელთა განახლებაც მოხდა.

საქართველოს კანონმდებლობა ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”, ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას დასაქმებულისთვის ზიანის ანაზღაურებას (დაზარალებული მხარისთვის ყოველთვიური სარჩოს გაცემა ან ერთჯერადი კომპენსაცია), მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით. უმრავლეს შემთხვევაში საწარმოში შექმნილი უბედური შემთხვევის კვლევის კომისიები გარდაცვლილებს და დაზარალებულებს სცნობენ შრომის დაცვის წესების დამრღვევებად. ასეთ ვითარებაში კი საწარმოს ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ დაკრძალვის, ისიც მისი კეთილი ნების შემთხვევაში და მკურნალობისთვის აუცილებელ ხარჯებს უნაზღაურებს, რასაც საქართველოს ორგანული კანონი- “შრომის კოდექსი” ითვალისწინებს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს უმეტეს შემთხვევებში უბედური შემთხვევის კვლევის კომისიების მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება უწევთ. სასამართლო პროცესები კი წლების მანძილზე გრძელდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დაზარალებულების მდგომარეობას.

სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ფაქტორების შესამცირებლად აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და კანონის აღსრულების ეფექტური სისტემის შექმნა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აგრძელებს თანამშრომლობას, როგორც ხელისუფლების უწყებებთან, ისე დამსაქმებელთა ასოციაციებთან. მიგვაჩნია, რომ შედეგის მომცემია პრობლემების გადაწყვეტის გზების ერთობლივი ძიება _ ყველაფერი ის, რასაც ცივილიზებული სამყარო გულისხმობს ცნებაში “სოციალური პარტნიორობა”. შრომის დაცვაში სოციალური პარტნიორობა _ ეს უნდა იყოს ამ მიმართებით არსებული საერთო პრობლემების გადაწყვეტის ურთიერთმისაღები გზების ძიების სისტემა, სისტემა მოლაპარაკებისა შრომის დაცვის სუბიექტებს შორის, რაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება შრომის უსაფრთხო პირობების შექმნისა და ბიზნესის განვითარებისათვის.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.