Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ვულოცავთ საქართველოში მყოფ უკრაინელ ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს ომის ტრაგედია.

სწორედ ქალთა სიძლიერის, ბრძოლისუნარიანობის, სოლიდარობისა და სიმამაცის დემონსტრირებისთვის დაწესდა 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად.

მშვიდობა და ფიზიკური უსაფრთხოება მინიმალური აუცილებლობაა ქალებისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს  ქალთა შრომითი და სხვა უფლებები, რომლებიც არცთუ იშვიათად ირღვევა საქართველოში.

ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, ქალთა შრომითი უფლებების გარანტიების დადგენისა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, ბოლო წლებში, შრომის კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა და ამოქმედდა შრომის უფლებების აღსრულების მექანიზმი შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. თუმცა, გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად  გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. საქართველოში, გენდერული თანასწორობა და ქალთა შრომითი უფლებები კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

კოვიდ-პანდემიამ და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა, ნეგატიური შედეგები იქონია საქართველოს ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე. მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ქალები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან და ამჯერადაც, ყველაზე მეტად, სწორედ ქალები დაზარალდნენ.

პანდემიის შედეგად, სამუშაო ადგილი 52 ათასმა ქალმა დაკარგა. 2022 წლის მდგომარეობით, ეს ჩავარდნა ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა და 2019 წელთან შედარებით კვლავ 20 ათასით ნაკლები ქალია დასაქმებული. დღეს ქალებს ახალ პრობლემებთან გამკლავება უწევთ, მაშინ, როცა მანამდეც ქალების ჩართულობა ეკონომიკურ აქტივობაში ისედაც დაბალი იყო და კაცების ეკონომიკურ აქტიურობას 22,5%-ით ჩამორჩებოდა.

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება  ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა. საქსტატმა დაიწყო ხელფასებს შორის სხვაობის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც შესწორებული სახელფასო სხვაობა 21,4%-ია. თუმცა, აქ შედიან სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული პირებიც. ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა შორის სხვაობა არანაკლებ 30%-ს შეადგენს. ამ პირობებში, საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს კანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს ამ დისკრიმინაციული სხვაობის აღმოფხვრას დაავალდებულებდა.

ქვეყანაში არ არსებობს ასევე ღირსეული მინიმალური ხელფასი, რომელიც სახელფასო სხვაობასა და  და ქალების შემოსავლებში ჩამორჩენას უნდა ამცირებდეს.

ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია დეკრეტული შვებულების ანაზღაურება. მიმდინარე წელს სოციალური გასაცემელი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულებისთვის ერთჯერადად გაიცემა, 1000-დან 2000 ლარამდე გაიზარდა. ზრდა რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუმცა მაღალი ინფლაციის პირობებში, როცა ეს თანხა ქვეყნის 6 თვის ოფიციალური საშუალო ხელფასის მხოლოდ 21%-ს შეადგენს, არ არის საკმარისი და საჭიროა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გაიცეს სრულად, არსებული ხელფასის შესაბამისად.

კვლავაც დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზე  ქალთა  წარმომადგენლობა. ქალ დასაქმებულებს შორის მენეჯერულ პოზიციას იკავებს მხოლოდ 5,1%. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 7,2%-ია.

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ კვლავ ხშირია სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის,  ფეხმძიმობის, ან სხვა ოჯახური ვალდებულებების გამო.

მზარდია ქალებში სიღარიბის ტენდენციაც. საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს შორის 289 ათასი (საერთო რაოდენობის 56%) ქალია.

ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ამ მონაცემებზე  გაცილებით მძიმეა, განსაკუთრებით კი არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების, რომლებიც ბაზისური შრომითი გარანტიებითაც კი ვერ სარგებლობენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები  ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის:

  • დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის და საქართველომ მოახდინოს შსოს 156-ე (,,ოჯახური ვალდებულებების მქონდე დასაქმებულთა შესახებ) და 183-ე (,,დედობის დაცვის შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება;
  • მოხდეს შსო-ს  189-ე ,,ოჯახში დასაქმებულთა შესახებ“ და 190–ე,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“  კონვენციების რატიფიცირება;
  • დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა;
  • შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვა/შეფასების მეთოდოლოგია ყველა კომპანიისთვის და გაჩნდეს კანონით ვალდებულება კომპანიებმა უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურება.
  • გატარდეს ღონისძიებები არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებისკენ;
  • გაძლიერდეს ინვესტირება ზრუნვის ეკონომიკაში;
  • გატარდეს ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წამახალისებელი ღონისძიებები.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.