“აგარის შაქრის კომპანიის” თანამშრომლებს, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია, ყოველდღიურ აქციებს მართავენ დღეს პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. “აგარის შაქარის კომპანია” მეექვსე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები ქარხნის გაჩერების მთავარ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას – ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს . ქარხნის პარალიზების გამო დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია.
აქციის მონაწილეები სახელმწიფო მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო კვირის ბოლოდან საპროტესტო აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.
გამაფრთხილებელ აქციას დღეს გაფიცვით შეუერთდა დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტი.
აქციაზე მრავლად იყვნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ელემენტარული საარსებო სახსრების მოსაპოვებლად მოითხოვენ.
შეგახსენებთ, ბრძოლის გასაძლიერებლად შექმნილია პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საგაფიცვო ფონდი. ჩარიცხეთ თანხა ანგარიშზე და გააძლიერეთ მშრომელთა ბრძოლა.
საქართველოს ბანკი. კოდი – BAGAGE22
ანგარიში – GE12BG0000000121182500