პროფკავშირების დახმარებით, ბლოგერმა გოდერძი მარიმ სასამართლო დავა მოიგო. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ბლოგერებისა და შრომის ბაზრისთვის შედარებით ახალი პროფესიების მქონე დასაქმებულებისთვის შრომითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
გოდერძი მარის 2020 წლის პირველ აპრილს შპს “ფიდსმა” გაუფორმა მომსახურების ხელშეკრულება 3 თვის ვადით. შეთანხმების შესაბამისად, მას ევალებოდა შპს “ფიდსის” საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული გვერდების მართვა და ამ გვერდებზე ისეთი შინაარსის სტატიებისა და ბლოგების გამოქვეყნება, რომლებიც მეტ მკითხველს მოიზიდავდა, მეტი მკითველის მეშვეობით კი – მეტ რეკლამას.
გოდერძი მარი ყოველდღიურად, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, ასრულებდა დავალებებს, რისთვისაც იღებდა არც თუ ისე მაღალ ანაზღაურებას, თავიდან თვეში 400 ლარის ოდენობით, მოგვიანებით კი ხელშეკრულების 3 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ ურთიერთობა გაგრძელდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულების დადების გარეშე, გოდერძი მარის ხელფასი კი გაიზარდა 700 ლარამდე.
2020 წლის ნოემბრის თვეში შპს ფიდსმა მოსარჩელეს და სხვა თანამშრომლებს კუთვნილი მცირე ხელფასიც არ გადაუხადა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. მოსარჩელე ითხოვდა ხელფასს, ამავდროულად, აგრძელებდა სამუშაოს შესრულებას. საბოლოოდ, 2021 წლის 5 იანვარს, დამსაქმებელმა სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინებით გოდერძი მარისთან ურთიერთობა შეწყვიტა.
გოდერძი მარიმ მიმართა შპს “ფიდსს”, წერილობით დაესაბუთებინა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. პასუხად კი მიიღო, რომ კომპანია მასთან არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში.
გოდერძი მარიმ პროფკავშირების დახმარებით სარჩელი შეიტანა სასამართლოში და შრომითი ურთიერთობის დადგენის გარდა, მოითხოვა კომპანიის ანგარიშების დაყადაღება დავის დასრულებამდე. საგულისხმოა, რომ სასამართლომ პირველ ეტაპზე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, ანგარიშების დაყადაღების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რათა დამსაქმებელს თავი არ აერიდებინა დასაქმებულისთვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სასამართლო ხდომაზე თავად დაადასტურა, რომ კომპანია წაგების შემთხვევაში არაფერს გადაიხდიდა, სასამართლო დაეთანხმა მოთხოვნას ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.
13 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გოდერძი მარის სარჩელი და სამთვიანი მომსახურების ხელშეკრულება აღიარა უვადო შრომით ურთიერთობად, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლება – ბათილად ცნო. სასამართლომ შპს “ფიდსს”, აგრეთვე, დააკისრა: გათავისუფლების დღიდან – 05.01.21-დან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე განაცდური ხელფასის გადახდა – 700 ლარის ოდენობით; სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაციის გადახდა – 1000 ლარის ოდენობით; 2020 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების გადახდა – 700 ლარის ოდენობით და გადახდის დაგვიანების გამო პირგასამტეხლო – 700 ლარის 0.07% ყოველ გადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე, საჩივარსა და კომპანიის ანგარიშების დაყადაღების თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულების ხარჯის გადახდა – 300 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კი – 208. 36 ლარის გადახდა.
დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.
პროფკავშირები გაცნობებთ, რომ მომსახურების ხელშეკრულების დადება შრომითი ხელშეკრულებისა და დასაქმებულების მიმართ შრომის კოდექსით განსაზღვრული საკანონმდებლო ვალდებულებებისგან თავის არიდების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თავად შპს “ფიდსიც” ამ პრაქტიკას აქტიურად იყენებდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ პირთან თანამშრომლობის ფარგლებშიც.