Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დასაქმებულთა უმრავლესობას დასაშვებზე ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი აქვს!

ეკონომიკის 18 დარგიდან 14-ში დასაქმებულები ზეგანაკვეთურად მუშაობენ. მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა, შინამეურნეობებში დაქირავებით დასაქმება – ეს ის სექტორებია სადაც დასაქმებულებს ყველაზე მეტი დროის გატარება უწევთ სამუშაო ადგილებზე.

2018 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, პირველად გამოაქვეყნა დასაქმებულების მიერ ნამუშევარი საათების საშუალო მაჩვენებელი.  სტატისტიკიდან ირკვევა, რომ თითქმის ყველა სექტორში, დასაქმებულებს კანონით გათვალისწინებულზე ხანგრძლივად უწევთ მუშაობა. შრომის კოდექსით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 საათით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე) ითვალისწინებს 48 საათამდე სამუშაო გრაფიკს.

საქართველოში დამსაქმებლები არ აქცევენ ყურადღებას შრომის კოდექსის ამ დანაწესს და თითქმის ყველა სექტორში ნორმად აქვთ ქცეული 42-50 საათიანი სამუშაო კვირა. ამასთან ეს არის გასაშუალოებული მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული დასაქმებულებისთვის სამუშაო გრაფიკი ბევრად უფრო მძიმეა. შრომის კოდექსის მიხედვით, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები გაზრდილი განაკვეთით უნდა ანაზღაურდეს და ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი.სტატისტიკიდან კი ჩანს, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობას რეგულარული ხასიათი აქვს და დაქირავებით დასაქმებულთა უმრავლესობას დასაშვებზე ხანგრძლივად უწევს მუშაობა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მამაკაცებისთვის: მშენებლობაში – 50,9 საათი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში – 52,3 საათი;სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა – 50,4 საათი.

ქალებისთვის – „შინამეურნეობი როგორც დამქირავებელი“ კატეგორიაში – 50,3 საათი. ეს უკანასკნელი ძირითადად არის არაფორმალური დასაქმება, ვინაიდან დამქირავებელი – შინამეურნეობა ანუ ოჯახია  და არა ბიზნესი. შინამეურნეობებში მამაკაცების სამუშაო საათები 43,2-ია, ქალებისა – 50,3, ხოლო საშუალო 50,2. რაც ნიშნავს, რომ აქ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ეს ადამანები შეიძლება იყვნენ ძიძები, მომვლელები, რეპეტიტორები და ა.შ. არაფორმალური დასაქმება გარდა გადაჭარბებული სამუშაო საათებისა, წარმოშობს შრომის კოდექსის მრავალ დარღვევას, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები არაფორმალური დასაქმების (რაც მთლიანი დასაქმების 53%-ს შეადგენს) ფორმალიზაციისკენ.

გარდა აღნიშნული სასტატისტიკაში არის ე.წ. „არაიდენტიფიცირებული“კატეგორია სადაც ქალების სამუშაო საათები კვირაში შეადგენს 96 საათს! ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას დასვენების გარეშეც კი მათ დღეში 13 საათი მუშაობა უწევთ!

მსგავსი საგანგაშო სტატისტიკა უნდა იწვევდეს შრომის ინსპექციის დაინტერესებას, თუმცა ასეთი მძიმე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი სწორედ შრომის ინსპექციის გაუქმებაა 2006 წელს.  დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი აღდგა, მისი მოქმედების არეალი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და შემოიფარგლება მხოლოდ შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლით. ისეთი შრომითი უფლებები კი, როგორიცაა – სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება, შვებულების უფლება, დეკრეტული შვებულება, არადისკრიმინაციული გარემო და სხვ. კონტროლს მიღმა რჩება.არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები სამწუხაროდ ბოროტად სარგებლობენ  კონტროლის არარსებობით და ეს უკვე სტატისტიკაშიც აისახება!

ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების (Nace rev. 2) და სქესის მიხედვით, 2017*
      საათი
  ქალი მამაკაცი სულ
       
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 25,2 31,3 28,2
მრეწველობა 44,0 47,0 46,1
მშენებლობა 42,9 50,9 50,5
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 48,8 49,5 49,2
ტრანსპორტირება და დასაწყობება 37,8 47,0 45,7
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 47,4 52,3 49,3
ინფორმაცია და კომუნიკაცია 40,8 43,8 42,5
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 42,1 43,8 42,8
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 31,0 47,4 39,4
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 40,4 42,7 41,6
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 38,2 49,1 44,3
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა 41,8 50,4 48,0
განათლება 29,7 33,2 30,4
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 41,6 44,0 42,1
ხელოვნება, გართობა და დასვენება 39,4 37,9 38,7
სხვა სახის მომსახურება 46,7 44,1 45,7
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 50,3 43,2 50,2
ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები 38,3 43,9 43,3
არაიდენტიფიცირებული 96,0 49,0 64,4

გიორგი ჭანტურიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.