შპს „ჯორჯიან ექსპრესმა“ [DHL] პროფკავშირის წინააღმდეგ დაწყებული დავა წააგო. სასამართლომ ბრალდებები არ გაიზიარა და კომპანიიის უსაფუძვლო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მას შემდეგ, რაც პროფკავშირების გაერთიანებამ აღნიშნული კომპანიის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების საქმე სასამართლოში მოიგო და თითოეულის სასარგებლოდ „ჯორჯიან ექსპრესს“ ორი წლის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაეკისრა, ხოლო, მოგებული დავის შესახებ ინფორმაცია „gtuc”-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, კომპანიამ სასამართლოს მიმართა. „ჯორჯიან ექსპრესი“ ამტკიცებდა, რომ პროფკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ცილიმსმწამებლური იყო.
კერძოდ, შპს „ჯორჯიან ექსპრესში“ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული: ე.კ., ს.კ. და თ.მ., რომლებიც დამსაქმებელთან უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით 2015 წლის დეკემბერში კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. რეალურად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად ედო სოციალურ ქსელ Facebook-ში კომპანიის მენეჯმენტისთვის არასასურველი პოსტის მოწონება, რის თაობაზეც ხელმძღვანელობამ მათ ინდივიდუალურ საუბრებში განუცხადა, თუმცა, ოფიციალურად მათ გათავისუფლებას საფუძვლად რეორგანიზაცია დაედო.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა თამარ სურმავამ, სასამართლოში დაამტკიცა, რომ სამივე მათგანი უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებული. ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ „gtuc”-ის მიერ, როგორც სხვა საქმეების შემთხვევაში ხდება ხოლმე, სოციალურ ქსელში განთავსდა.
სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ პროფკავშირის მხრიდან კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია.
წინამდებარე დავაში პროფკავშირის ინტერესებს თამარ სურმავა და გიორგი ქუმსიაშვილი იცავდნენ.