Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ელმავალმშენებელში დასაქმებულებმა კუთვნილი ხელფასი მიიღეს

პროფკავშირების და დასაქმებულების 24 საათიანი აქციების და პიკეტის ფონზე ,,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისათვის დასაფარი თანხა ინვესტორმა დარიცხა.

აღნიშნული ინფორმაცია სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით მიმართავდა და დასაქმებულებთან ერთად პროტესტის სამომავლო ნაბიჯებს სახავდა. ინფორმაციის დადასტურების შემდგომ, პროტესტის მონაწილე დასაქმებულებმა ქარხნის ადმინისტრაციის შენობაზე პიკეტირება მოხსნა, რათა ბუღალტერიისთვის საშუალება მიეცათ მუშების სახელფასო ანგარიშებზე ჩარიცხვები განხორციელებულიყო.

” ,,არის!!! გილოცავთ!!! დამირეკეს და მითხრეს ,რომ თანხა ჩაერიცხათ. ნეტა საქართველოს ნაკრებიც ასე გამახარებდეს… ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. ქარხანას უკვე შეუძლია ის სახელფასო დავალიანება დაფაროს, რასაც ამდენი ხანია ითხოვენ აქ დასაქმებული ადამიანები.

ასევე, მაქვს მყარი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ინვესტორი შემოვა და არის შესაბამისი კონტრაქტები მზად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქარხანა ამუშავდება.
უნიკალურია ეს ქარხანა და მოთხოვნა ამ ქარხნის პროდუქციაზე განუზომლად დიდია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ქარხნის გაჩერება, ამ ქარხნის გაჯართება ნიშნავს უუნარობას და რესურსების განიავებას, რისი ფუფუნებაც ქართულ ეკონომიკას არ აქვს. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ დასაკარგი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერი: “იმედი მაქვს ელმავალმშენებლის თანამშრომლებმა ნახეს და შეიგრძნეს რას ნიშნავს იყო ნამდვილი პროფკავშირის ნაწილი,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ნაწილი,მინდა მივულოცო მაგ პირველი წარმატება!წინ გრძელი გზაა საბოლოო წარმატებამდე!

პაატა ნინუა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს: “რაღაცნაირი დილა გათენდა დღეს 23 მარტს თბილისში, სულ სხვანაირი , ცოტაოდენი ხალისით გაეღვიძება 1200 ელმავალმშენებლის მუშას , სულ სხვანაირად თამამად გავა სახლიდან1200 ადამიანი, 1200 დიასახლისი ემზადება ალბათ უკვე ბაზარში წასასვლელად,1200 სულ სხვანაირი ვახშამი გაიშლება დღეს 1200 ოჯახში, 1200 შვილს გაახარებს დღეს მშობლის წუხანდელი ესემესი, 1200 ბაბუა და ბებია თამამად წაიყვანს შვილიშვილს ქუჩაში და არ შეეშინდება შვილიშვილის პრეტენზიების, 1200 ოჯახი დღეს ,,ნისიას” გაისტუმრებს უბნის მაღაზიაში,1200 ოჯახს დღეს არ ეშინია სტუმრის მოსვლის და უამრავი რამ შეიძლება ითქვას კიდევ იმ 1200 ელმავალმშენებელ ქარხანაში მომუშავე დასაქმებულზე რომლებიც 6 თვეა ხელფასს ელოდნენ, 1200-მა დასაქმებულმა გუშინ ხელფასი მიიღო და ეს 1200 დასაქმებული მჯერა რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს !!!!!

მადლობა ყველას ვინც აი ამ 1200 დასაქმებულის გამარჯვებაში მიიღო მცირედი წვლილიც კი. წინ კიდევ დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნება, ერთიანობას და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია.”

ილია ლეჟავა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი:
” ბრძოლამ შედეგი გამოიღო სახელფასო დავალიანების დაფარვის პროცესი დაიწყო მუშებს მობილურები აუწკაპუნდათ შრომისა და ბრძოლის შედეგი, 6 თვიანი სახელფასო დავალიანება ქარხანაში დასაქმებულებს ერიცხებათ”

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.