საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის იურისტებმა თამარ სურმავამ და სერგო მახარაძემ ერთ დღეს სამი სხვადასხვა სამართლებრივი დავა მოიგეს !
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გიორგი დოდაშვილის სარჩელი შპს “ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა განთავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რაც დღეის მდგომარეობით არის 4500 ლარი(გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხა გაიზრდება).
გიორგი დოდაშვილმა შპს “ტერმინალ ვესტ თრეიდინგში“ მუშაობა დაიწყო 2017 წლის 20 ივლისს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია იყო დამწყები საწარმო (მისი რეგისტრაციიდან გასული არ იყო 48 თვე) მას გაუფორმეს 6 თვიანი ხელშეკრულება 2018 წლის 20 იანვრამდე ვადით, საიდანაც პირველი სამი თვე იყო გამოსაცდელი პერიოდი.
გიორგი დოდაშვილმა 2018 წლის 20 იანვრის შემდგომ გააგრძელა კომპანიაში მუშაობა. 2018 წლის 01 მარტს კი მოულოდნელად აცნობეს, რომ შრომითი ხელშეკრულება უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
წარდგენილი სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2018 წლის 20 იანვრის შემდგომ მასთან შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულ იქნა უვადოდ და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა იყო უკანონო.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებასთან მიმართებით, მისი განთავისუფლების თაობაზე ნების გამოხატვა ჩათვალა ბათილად და იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის თანამშრომლის პოზიცია კომპანიაში დღემდე არსებობს მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურში აღდგენის შესახებ. ამასთან კომპანიას დაეკისრა განთავისუფლების დღიდან – 2018 წლის 1 მარტიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის – 500 ლარის ოდენობით.
სასამართლოში გიორგი დოდაშვილის ინტერესებს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.
მეორე სასამართლო პროცესზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ცნო სს „რუსთავის აზოტის“ გადაწყვეტილება ნუგზარ დოლენჯაშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხეს დააკისრა მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გაშვების დღიდან – 2016 წლის 21 ნოემბრიდან, სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 127,30 ლარზე გაანგარიშებით, რაც დღევანდელი მდგომარეობით არის 27 050 ლარი (გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხა გაიზრდება).
სს რუსთავის აზოტი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა და მიუთითებდა, რომ იგი არ იყო საწარმო რუსთავის აზოტის ძველი მფლობელის სამართალმემკვიდრე.
ნუგზარ დოლენჯაშვილი 1987 წლიდან განთავისუფლების დღემდე უწყვეტად მუშაობდა საწარმო რუსთავის აზოტის სატრანსპორტო საამქროში მძღოლად. მისი განთავისუფლების მომენტისათვის კომპანიის მართვას ახორციელებდა შპს „რუსთავის აზოტი,“ რომელსაც შემდგომში ჩაენაცვლა სს „რუსთავის აზოტი.“
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სს „რუსთავის აზოტი“ წარმოადგენდა მისი წინამორბედის სამართალმემკვიდრეს. შესაბამისად, კომპანის დაეკისრა ვალდებულია აღადგინოს ნუგზარ დოლენჯაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე და მისცეს მას იძულებითი განაცდურის სრულად სამსახურში აღდგენის დღემდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნუგზარ დოლენჯაშვილის ინტერესებს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.
მესამე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბელა მუჩიაშვილის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჰიგიენ სერვისის’’ წინააღმდეგ. მოსარჩელე ბელა მუჩიაშვილი ითხოვდა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რაც დღეს მდგომარეობით არის 5 100 ლარი (გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხა გაიზრდება)
ბელა მუჩიაშვილი 2017 წლის 25 ივლისიდან 31 ივლისამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 1 აგვისტოს იგი გამოცხადდა სამსახურში და გააგრძელა შრომითი საქმიანობის შესრულება, მეორე დღეს კი ყოველგვარი მიზეზისა და განმარტების გარეშე არ მისცეს შესაძლებლობა გაეგრძელებინა მუშაობა.
2017 წლის 13 ნოემბერს ბელა მუჩიაშვილს ჩაბარდა მოპასუხის წერილი, საიდანაც გაირკვა, რომ, კომპანიამ მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება).
საქმეში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ბელა მუჩიაშვილის ხელმოწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მთავარი მიზეზი სავარაუდოდ იყო ის, რომ ბელა მუჩიაშვილი ავადმყოფობის გამო არ ცხადდებოდა სამსახურში.
სასამართლომ ბათილად ცნო ბელა მუჩიაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება, დაავალა ბელა მუჩიაშვილის სამსახურში აღდგენა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით დააკისრა 300 ლარის გადახდა (მიმდინარე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით განაცდურის თანხა შეადგენს 5100)
სასამართლო პროცესის განმავლობაში ბელა მუჩიაშვილი, საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვდა მორიგებას კომპანიასთან და მზად იყო 1000 ლარიანი კომპენსაცია მიეღო, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა. ახლა სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით მათ უწევთ ხუთჯერ მეტი თანხის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ.
სასამართლოში ბელა მუჩიაშვილის ინტერესებს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.