თბილისის საქალაქო სასამართლომ პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერის ილია ლეჟავას გაფიცვის პროცესში ადმინისტრაციული წესით დაკავება უკანონოდ და არაპროპორციულ ზომად მიიჩნია და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.
2021 წლის მაისის თვეში „ნაბეღლავის“ მინერალური წყლების დისტრიბუტორი კომპანიის – შპს ,,ენგადის” მძღოლების გაფიცვის მიმდინარეობისას, გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლების მიზნით დამსაქმებელმა სამსახურში აიყვანა ახალი მძღოლები, რომლებიც იმავდროულად არ იყვნენ საკმარისად კვალიფიციურები და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას არღვევდნენ შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და საგზაო მოძრაობის წესებს.
31 მაისს გაფიცულებიდან ერთ-ერთი შეეცადა ახალი აყვანილი მძღოლისთვის აეხსნა, რატომ იყვნენ გაფიცულები და ეთხოვა სოლიდარობა. ახალადაყვანილმა მძღოლმა გაიზიარა გაფიცული თანამშრომლის გულისტკივილი და გადაწყვიტა, შეეწყვიტა სამუშაოს შესრულება. ამ მიზნით ის აპირებდა, რომ დისტრიბუციის შესასრულებლად დამსაქმებლის მხრიდან მისთვის გადაცემული სატვირთო მანქანა დაებრუნებინა შპს ,,ენგადის” ოფისის ტერიტორიაზე. გზად შეუძლოდ გახდა, გაფიცულმა მძღოლმა შესთავაზა, რომ შეცვლიდა საჭესთან, რაზეც ახალი აყვანილი მძღოლი დაეთანხმა.
სწორედ მას შემდეგ, რაც გაფიცულმა თანამშრომელმა საჭესთან ჩაანაცვლა მძღოლი, დამსაქმებელმა დარეკა პოლიციაში, თითქოს კომპანიის კუთვნილი ავტომობილი და მძღოლი გატაცებულები იყვნენ.
პოლიციამ გააჩერა მანქანა და გაფიცულ თანამშრომელს შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება. ასევე, შეტყობინებაზე დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა გაფიცული თანამშრომელიც.
გაფიცულ თანამშრომელს შეეშინდა და დახმარება სთხოვა გაფიცვის ერთ-ერთ ორგანიზატორს – რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე პრეზიდენტს – ილია ლეჟავას. ის მივიდა შემთხვევის ადგილას და ცდილობდა, პოლიციისთვის აეხსნა მისი სტატუსი და იქ ყოფნის მიზეზები. ასევე, ცდილობდა პოლიციისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გაფიცვა, რომ დამსაქმებელმა გაფიცვის ჩასაცხრობად და გაფიცულ დასაქმებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დარეკა პოლიციაში ე.წ. „გატაცების ფაქტზე“.
ამის შესაძლებლობა პოლიციელებმა ილია ლეჟავას არ მისცეს: ხმამაღალი საუბრით, ხელის უხეში მოძრაობებითა და ახსნის გარეშე ტერიტორიის დატოვების მოწოდებით ხელოვნურად შექმნეს კონფლიქტური სიტუაცია და საბოლოოდ ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით ილია ლეჟავა დააპატიმრეს.
დაკავების კანონიერება სასამართლოში სადავოდ გახადა პროფკავშირების გაერთიანებამ. სამი ხანგრძლივი პროცესის შედეგად სასამართლომ გაიზიარა პროფკავშირების გაერთიანების პოზიცია და ილია ლეჟავას მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოდ და არაპროპორციულ ზომად მიიჩნია.
სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია პროფკავშირული საქმიანობისა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისთვის და იმისთვის, რომ დამსაქმებლებმა ვერ შეძლონ სპეკულაციური შეტყობინებებით, პოლიციისადმი ბუნებრივი შიშის ფაქტორით დათრგუნონ გაფიცვის პროცესი.
ილია ლეჟავას ინტერესებს სასამართლოში იცავს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე.