Search
Close this search box.
Search
Close this search box.

„ეს არის რუსეთის მხარდამჭერი ლუკაშენკოს რეჟიმის ანტი-პროფკავშირული კამპანია“ – საქართველოს პროფკავშირები ბელარუსელი პროფკავშირების ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს ბელარუსის დამოუკიდებელ პროფკავშირებს და ამაზრზენს უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონგრესის ხელმძღვანელობის დაპატიმრებას.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის დამოუკიდებელ პროფკავშირებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პროფკავშირის ლიდერებმა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო გააკრიტიკეს.

ვაპროტესტებთ და ამაზრზენად მიგვაჩნია  ფაქტი, რომ დაპატიმრებების მთელ სერიასთან ერთად, მინსკში ბელარუსის  პროფკავშირების კონგრესის  შენობა, ბელარუსის თავისუფალი პროფკავშირები, მეტალურგიის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები და რადიო-ელექტროობის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირიც გაჩხრიკეს.

ვფიქრობთ, ეს თავდასხმები წარმოადგენს ბელარუსის პრეზიდენტის რეჟიმის  მიმდინარე ანტი-პროფკავშირული კამპანიის მაგალითს, რაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს კრიტიკის გამო გამძაფრებულია” – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ყველა დონის მოლაპარაკებაში ბელარუსელი დებისა და ძმების მხარდასაჭერად.

2022 წლის 19 აპრილს, ბელარუსის პროფკავშირების კონგრესის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი ალექსანდრ იარაშუკი, ვიცე-პრეზიდენტი – სიარჰეი ანტუსევიჩი, მეტალურგიის სფეროში დასაქმებულთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი – ალექსანდრ ბუხოვსტაუ და ბელარუსის თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მიხალაი შარაკი – დააპატიმრეს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.