“Glovo”-ში, კურიერის პოზიციაზე დასაქმებული ა.ჭ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციის ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ აქტიური წევრი იყო და კურიერების პრობლემებს შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, ხშირად აჟღერებდა.
2018 წლიდან დასაქმებული ა.ჭ. დამსაქმებლისთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის 18 მარტს, სოციალურ ქსელ Facebook-ში, კურიერების პრობლემების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
მეორე დღეს, კომპანიამ ა.ჭ.-ს აპლიკაცია დაუბლოკა.
ა.ჭ.-მ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით სახალხო დამცველს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით მიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის გარემოებები შეისწავლა და დაადგინა, რომ:
- ა.ჭ.-სა და Glovo-ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა;
- ა.ჭ. -ის მიმართ Glovo-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული კავშირის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას.
2023 წლის 15 მარტის რეკომენდაციით, შპს „გლოვო აფფ ჯორჯიას“ (Glovo) მიეთითა, რომ ა.ჭ.-ს Glovo-ს აპლიკაციაზე წვდომა დაუყოვნებლივ აღუდგინოს.
ა.ჭ.-ს ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს და საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.