საქართველოს პროფკავშირებმა სომხეთის პროფკავშირებს პროფკავშირულ საქმიანობასა და შრომის სტანდარტებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრა პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა სომხეთის პროფკავშირების პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დელეგაციას საქართველოს პროფკავშირული საქმიანობის, ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინიციატივებისა და გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სოციალური დიალოგისა და ადვოკატირების შესახებ კამპანიების წარმოების მნიშვნელობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს პროფკავშირებს აქვთ მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მჭიდროდ გაგრძელდება. გვსურს ქართველებისგან ბევრი ვისწავლოთ. არ არსებობს ნაციონალური საზღვრები, როცა საქმე დასაქმებულებს ეხებათ“ – განაცხადა სომხეთის პროფკავშირების ლიდერმა, ელენ მანასერიანმა.
„ეს შეხვედრა დავაორგანიზეთ, რათა გავაუმჯობესოთ მშრომელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და კანონმდებლობა სომხეთში. მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება შრომის ინსპექციისგანაც. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მონიტორინგის პროცესებთან დაკავშირებით“ – განმარტა სოლიდარობის ცენტრის პროგრამების მენეჯერმა სომხეთში, მარიამ ჩიბუხჩიანმა.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პროფკავშირების, მთავრობისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები გაერთიანების დარბაზში საქართველოს შრომის მთავარ ინსპექტორსა და მოადგილეს შეხვდნენ. გაიზიარეს ქართული გამოცდილება შრომის ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით და დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
დღეს დელეგაცია ბორჯომის ქარხანაში გაემგზავრა და საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო.