პროფკავშირების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და „გულისტანის“ ქარხნის მუშების უარი სამუშაოს შესრულებაზე კანონიერად მიიჩნია.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 04 მაისიდან შპს გურია ექსპრესის ე.წ. „გულისტანის“ ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მუშებმა, საწარმოში არსებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობის გამო, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. ამავდროულად, მოითხოვდნენ ხელფასების გაზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ მუშები არ იყვნენ პროფკავშირის წევრები, როგორც კი მედია საშუალებებში მათ დარღვეულ შრომით უფლებებზე ინფორმაცია გავრცელდა, პროფკავშირების გაერთიანება და მისი წევრი დარგობრივი პროფკავშირი „ლაბორი“ პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.
პროფკავშირმა 2021 წლის 28 მაისს, საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციას, რომელმაც 2021 წლის 28 აგვისტოს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ისეთი დარღვევები გამოავლინა, რომლებიც დასაქმებულთა და მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა, მაშინ, როცა უტყუარად დასტურდებოდა ამწე მექანიზმის გაუმართაობა, სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო წარმოებულ ფქვილში მღრღნელების არსებობა და სხვ. აგრეთვე, შრომის ინსპექციამ, შრომითი უფლებების დარღვევებიც დაადგინა.
დამსაქმებელმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა, დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა სასამართლოს უკანონო გაფიცვად ეცნო, რის საფუძველზეც მათ გაათავისუფლებდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმის წარმოება შეწყდა, რაც 2021 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და საქმე რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დამსაქმებლის მოთხოვნა და სამუშაოს შესრულებაზე უარი სასამართლომ უკანონო გაფიცვად ცნო. პარალელურად მიმდინარეობდა პროტესტი, რაც 38 დღეს გაგრძელდა და შეთანხმებით დასრულდა.
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულთა უარი სამუშაოს შესრულებაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო არ წარმოადგენდა გაფიცვას, მით უფრო, უკანონო გაფიცვას და რომ უარი ასეთ დროს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისთვის გარანტირებული უფლებაა.
სასამართლოს გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია დასაქმებულთა უფლებებისა და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაუმჯობესებისთვის ბრძოლასა და სოციალური დიალოგის განვითარების პროცესში.
პროფკავშირები ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას შპს გურია ექსპრესის მუშებს და საქართველოს ყველა მშრომელს! პროფკავშირები ხაზს უსვამს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, კოლექტიური შრომითი დავის გადაჭრის მიზნით მიმართოს მედიაციას და ისარგებლოს გაფიცვის უფლებით, თუმცა, ამავე დროს, დასაქმებულს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე, თუ ეს საფრთხეს უქმნის მისი ან მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას!
დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები: ირაკლი მხეიძე და თამილა გაბაიძე იცავენ.