Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ინტერვიუ ეთერ მათურელთან

ინტერვიუ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე ეთერი მათურელთან

ინტერვიუ მოამზადა დავითა არაბიძემ

დავით არაბიძე: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად გამოდის შრომის პროგრესული სტანდარტების დამკვიდრების მოთხოვნით, რათა დასაქმებულებს შეეძლოთ ისარგებლონ ყველა სათანადო სოციალური და შრომითი უფლებით. როგორია სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პასუხი პროფკავშირების ამ ინიციატივებზე? როგორია დამსაქმებელთა პოზიცია? რა გაკეთდა ამ მიმართულებით უკვე და კიდევ რა პრობლემებია დასაძლევი?

ეთერი მათურელი: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სისტემატიურად მუშაობს რათა დასაქმებულთა სამართლებრივი, სოციალური და შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდეს საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორსა და დარგში,  ყველა დასაქმებულისთვის. პროფკავშირების გაერთიანება სისტემატიურად გამოდის შესაბამისი ინიციატივებით, რათა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ რეალისტები ვართ და აუცილებლად ვითვალისწინებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასთან გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირებასა და რეკომენდაციების გათვალისწინებას. მინდა აქვე აუცილებლად განვაცხადო, რომ 2004 წლიდან მოყოლებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის კონვენცი არ არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. დიახ, 2014 წელს კი განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 185 კონვენციის „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ რატიფიცირება, მაგრამ ამან არსებითად არ შეცვალა ვითარება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების პროცესი საქართველოში ფაქტობრივად შეჩერებულია. ვფიქრობ ნათელია თუ რა პოზიცია უკავია სახელმწიფოს აღმასრულებელ და საკანონმდელო ხელისუფლებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივებთან მიმართებაში. იგივე პოზიაცია აქვთ დამსაქმებლებსაც. მთავარი პრობლემა არის მათი მხრიდან  სურვილის არ ქონა შეიცვალოს ქვეყანაში შრომითი სტანდარტები ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.

დავით არაბიძე: დასაქმებულ ქალთა სოციალური და შრომითი უფლებების თვალსაზრისით როგორი მდგომარეობაა? რა პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი წინსვლა ქალთა ეკონომიკური, სოციალური და შრომითი ინტერესების დასაცავად? როგორია სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიმართება ამ საკითხისადმი?

ეთერი მათურელი: ქვეყანში ქალთა ეკონომიკური, სოციალური და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. საქართველო 25 წელია რაც გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1975 წელს მიიღო დეკლარაცია „მშრომელ ქალთა შესაძლებლობებისა და თანასწორობის შესახებ“, გაერომ 1979 წელს მიიღო კონვენცია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, 2000 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადასინჯა 1952 წელს მიღებული კონვენცია „დედობის დაცვის შესახებ“ და მას № 183 მიანიჭა. აი უკვე რამდენი წელია ჩვენ განუწყვეტლივ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს № 183 კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება თავს იკავებს ამისაგან. ასეთი დიდი მნიშვნელობის პრობლემისადმი თავის არიდების მცდელობა განაპირობებეს ისეთ მდგომარეობას, რომ ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 1998 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული დეკლარაცია „შრომით სფეროში ფუძემდებლური პრინციპების, უფლებებისა და მათი განხორციელების შესახებ“ დღესაც განუხორციელებელია საქართველს სინამდვილეში. ეს ყოველივე კი იწვევს იმ სავალალო ფაქტს რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ჯერ  კიდევ 1996 წელს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 100 კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ ჯერ კიდევ განუხორციელებელია, რასაც ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის შესაბამისად, საშუალო ხელფასის მიხედვით, დასაქმებული ქალი დასაქმებულ მამაკაცთან შედარებით  40%–ით ნაკლებ ხელფასს იღებს. აქვე მსურს აღვნიშნო ისიც, რომ № 100 კონვენციის რატიფიცირებიდან უკვე 22 წელი გავიდა და სახელმწიფოს ხელისუფლებამ ჯერაც არ შეიმუშავა მეთოდოლოგია, რათა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს თანაბარი ღირებულების შრომა. საქართველოში მამაკაცთა და ქალთა შორის ხელფასში ასეთი დრამატული განსხვავებაა დასტურებს იმ ფაქტს რომ ქალებს არ ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, რომ ხარვეზიანია ქალთ დაწინაურებისა და წახალისების მექანიზმები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ქალთა კომიტეტი და პირადად მე ამ საკითხს ყოველთვის პრინციპულად წინა პლანზე ვწევთ, მოვითხოვთ ყველა სათანადო სამართლებრივი და ნორმატიული აქტების რატიფიცირებას და მიღებას, ხოლო უკვე ნაკისრი ვალდებულებების ზუსტ შესრულებას, როგორც ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ პირობას, ცხოვრებაში მათ დანერგვას.

დავით არაბიძე: საქართველოს პროფესიული კავშირების გერთიანება მნიშვნელოვან  ყურადღებას უთმობს დემოგრაფიულ საკითხს. გაეროს მიერ შემუშავებული კლასიფიკაციით საქართველო მოსახლეობის კლების თვალსაზრისით, მილევადი ქვეყანაა. როგორია, თქვენი, როგორც პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ინიციატივები ამ მიმართულებით?

ეთერი მათურელი: ამ საკითხს ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს1966  წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, რომლის მე–10 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს ოჯახზე. ასევე მაგალითად შეიძლება აღინიშნოს 1996 წელს მიღებული ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე–17 მუხლი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს იზრუნოს ბავშვებზე, ხოლო იმავე ქარტიის 27–ე მუხლი კი ავალებს იზრუნოს ოჯახური ვალდებულებების მქონე პირებზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია მოითხოვს 1981 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 156 კონვენციის „ოჯახური ვალდებულებების მქონე მშრომელების შესახებ“ რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტის მიერ, მაგრამ ამასაც თავს არიდებენ. დიახ არსებობს საქართველოს მთავრობის № 262 დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“. თავად ამ პროგრამის შედეგები მოკრძალებულიც კი არ არის. დღემდე პრობლემა იყო მამაკაცთათვის მრავალშვილიან მშობლის სტატუსის განსაზღვრა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ შემუშავებული  კანონის პროექტის „საქართველოს კანონმდებლობაში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკიხთა კომიტეტში. ამ განხილვაში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი. პროექტის მიხედვით 4 შვილი ოჯახს მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსს ანიჭებს. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ პარლამენტი ამ პროექტს მოკლე დროში კანონად დაამტკიცებს, რაც ხელს შეუწყობს შეუწყობს საქართველოში არასახარბიელო დემოგრაფიული ვითარების სასიკეთოდ შემობრუნებას.

დავით არაბიძე: 10 წელი გვიდა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეუნიღბავი აგრესიის განხორციელებიდან.  ბირთვული სახელმწიფოს  – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და მის ხალხზე, ამ სრულიად არაპროვოცირებული და წინასწარ დაგეგმილი თავდასხმიდან 10 წლის შემდგომ ამ დაპყრობითი ომის შედეგები არ არის აღმოფხვრილი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესიის დღეებში საქართველოს  პროფესიული კავშირის გაერთიანება საპროტესტო აქციებს მართავდა ომის გამჩაღებელი რუსეთის ფედერაციის მიმართ, მოითხოვდა მისგან აგრესიის შეწყვეტას და საერთაშორისო სამართლით აღიარებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.  დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%–ზე მეტი და რამდენიმე ასეულ ათასი საქართველოს მოქალაქე გამოდევნილი ჰყავთ საკუთრი მიწიდან. კვლავ ისმის მუქარები რუსეთის ფერდერაციის ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ამ ვითარებას რა შეფასებას მისცემდით?

ეთერი მათურელი: რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 2008 წლის აგრესია და დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ ყველა ჩვენთაგანის ტკივილია. ჩვენ ყველა გვახსოვს – სამხედროები, პოლიციელები, ექიმები, მშვიდობიანი მოსახლეობა, თითოეული ადამიანი, რომლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესიას, საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. 2008 წლის აგვისტოს ქარცეცხლიან დღეებში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ყოველდღიურ საპროტესტო შემაკავებელ აქციებს მართავდა იოგოეთთან. ამ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების დროს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და საქართველოში შემოჭრილ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების იგოეთთან მომდგარ რუს ოფიცრებს შორის მძაფრი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ყველა პროფკავშირელს ძალიან მწარედ გვახსოვს 2008 წლის ის დაძაბული დღეები.

ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას შეეწირა. მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ქალთა კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი დარგობრივი პროფკავშირებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთად ჩავედით შინდისში, რათა ღირსეული პატივი მიგვეგო 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესიასთან გმირულად მებრძოლი ქართველი სამხედროებისთვის, იმ 17 თავდადებული ვაჟკაცისთვის, ვინც უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე გაიღო სამშობლოს დასაცავად. 2008 წელს ჩვენთვის მოყენებული ჭრილობები დღესაც მოუშუშებელია, ყველა ჩვენთაგანისთვის დაუვიწყარია.

დავით არაბიძე: არიან დასაქმებულები, რომლებიც დღეს არ არიან პროფკავშირების წევრები. რას ეტყოდით მათ? რატომ უნდა გაერთიანდნენ ისინი პროფკავშირების რიგებში?

ეთერი მათურელი: პოეტი აკაკი წერეთელი აღნიშნავდა „ერთობა ჩვენთვის ტახტია“, არც ტახტს და არც მეფობას არავის შევკადრებთ, მაგრამ პროფკავშირის რიგებში ერთად დგომით, სოლიდარული მოქმედებებით ყოველთვის ბევრი კარგი საქმე კეთდება. ყველა დასაქმებულმა უნდა იცოდეს, რომ პროფკავშირი ის ერთობაა, რომელიც საერთო ძალისხმევით იმარჯვებს. დაე შემოგვიერთდნენ და ამაში მალე თავად დარწმუნდებიან. იქნება ერთობა ყველაფერი გამოვა. მხოლოდ ძუნწი და მშიშარა ამბობს პროფკავშირზე არას!

დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.