Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ჟენევის 110-ე კონფერენცია – ირაკლი პეტრიაშვილმა შსო-ს გენერალურ მდივანთან, გაი რაიდერთან შეხვედა გამართა

აქციები თბილისსა და ბორჯომში, მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა, დაპატიმრებული ბელორუსის პროფკავშირის ლიდერები და რუსეთ-უკრაინის ომი – ირაკლი პეტრიაშვილმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, გაი რაიდერთან შეხვედა გამართა.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ყოველწლიურ, 110-ე კონფერენციაზე ჩავიდა და შსო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს განუმარტა რამდენად მნიშვნელოვანია მისი ორგანიზაციის მხრიდან ყველა ამ საკითხზე მხარდაჭერა.

„დამსაქმებელთა მხრიდან სოციალური დიალოგის დაბალი ცნობიერება არის ის მთავარი პრობლემა, რასაც მშრომელები პროტესტამდე და საბოლოო ჯამში გაფიცვამდე მივყავართ. ამის ნათელი მაგალითია ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა აქციაც. პროფკავშირების გაერთიანება ამ შემთხვევაშიც, წევრ ორგანიზაციებსა და დასაქმებულებს ფიზიკურ, რესურსობრივ და სამართლებრივ დახმარებას უწევს. ამ საკითხზე ვისაუბრე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან  და ხაზი გავუსვი რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგის კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარება“ – აცხადებს პეტრიაშვილი.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  სტანდარტებთან დასაახლოვებლად, ისევე როგორც, საკანონმდებლო ბაზისა და მიღებული ცვლილებების იმპლემენტაციისთვის ყოველდღიურად მუშაობს.

„ასევე, გაი რაიდერთან მიმოვიხილე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. ერთ-ერთია ბელორუსის პროფკავშირების თავმჯდომარის,  ალექსანდრ იარეშუკისა და ოცამდე პროფ ლიდერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შსო-ს და პან ევროპული პროფკავშირების, როგორც ერთობლივი, ისე, ინდივიდუალური ქმედებები მათ გასათავისუფლებლად“ – ამბობს  პეტრიაშვილი.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით მსოფლიო პროფკავშირებში რუსეთის პროფკავშირებისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებაზეც.

„ გარდა იმისა, რომ ჩემი ინიციატივით, პროექტით, რუსეთის პროფკავშირების იზოლირება მოვახდინეთ და მსოფლიო პროფკავშირებში წევრობა შევუჩერეთ, ვიმედოვნებ, შესაძლებელი გახდება შსო-ს ოფისის გადატანა მოსკოვიდან და საქართველოს გამოყვანა მოსკოვის ოფისის დაფარვის ზონიდან, რაზეც იმედი მაქვს საქართველოს მთავრობაც და საქართველოს დამსაქმებლებიც მხარს დამიჭერენ“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შრომის საერთაშორისო კონფერენცია სამმხრივი ფორმატის არის და მასში მონაწილეობას იღებენ ქვეყნების მთავრობები, ასევე, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.