Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ITUC-ის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა

პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური საკითხები და პრობლემები განიხილა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) არჩეულ ლიდერთა გუნდმა, რომელთა შეხვედრა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ და მისი მოადგილე ოუენ ტიუდორი, ოთხ კონტინენტალურ პრეზიდენტთან, მათ შორის პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტ ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ.

საუბარი შეეხო პანდემიიდან გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებსა და შექმნილ პრობლემებს. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებზეც ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინსენტინიმ ისაუბრა, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთა მხარდასაჭერადაც ევროკავშირმა ნახევარი მილიარდი ევრო გამოყო. თანხის 10% მოხმარდება სამეზობლოს ქვეყნებში პროფკავშირების და სოციალური დიალოგის გაძლიერებას, ამასთანავე სხვადასხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური სოციალური საკითხების წამოწევას.

ირაკლი პეტრიაშვილმა დასვა საკითხი იმ ემიგრანტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელთაც არ აქვთ ლეგალურად დასაქმების და ცხოვრების საშუალება და უფლება ევროკავშირის ქვეყნებში. განიხილეს საკითხი, რომ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირები იზრუნებენ ევროპაში არალეგალურად მყოფი ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც უკრაინის და ბელორუსის, მოქალაქეების უფლებების გაძლიერებაზე.

მსჯელობა შეეხო ისეთი ტიპის გამოწვევებს, როგორიც არის მემარჯვენე პოპულიზმი, მათ შორის უკრაინის მაგალითზე, სადაც შრომის კანომდებლობის რეფორმის შესახებ ირაკლი პეტრიაშვლმა გააკეთა პროგნოზი, რომ მოსალოდნელია იგივე, რაც თავის დროზე შრომის კოდექსის რეფორმის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რადგან მისი განცხადებით ეს ეგრეთწოდებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა რეალურად არ გულისხმობს დასაქმებულების და პროფკავშირების პატივისცემას და სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს მოქალაქეებს.

მისივე თქმით, ცვლილება, რომელიც ხორციელდება გარემოს დერეგულაციის და ბაზრის უხილავი ხელით სამყაროში წესრიგის დამყარების საფუძველზე – რეალურად ბუნებაში კარგის არაფრის მომტანია და მშრომელებსა და მათ წარმომადგენლობებს რთული პრობლემების წინაშე დააყენებს.

განხილეს ბელორუსის მაგალითიც, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულ იგნორირებას ახდენს. იმსჯელეს covid 19-ის პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ესპანეთის და იტალიის მაგალითებზე. შეეხნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებას. აშშ-ს პროფკავშირების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საფრთხეებზე და პროგნოზებზე, რომელიც შტატებში რეგულაციების მოხსნას შეიძლება მოჰყვეს. პროფკავშირები ფიქრობენ, რომ არ იქნება ცუდი თუ შეერთებული შტატები სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ევროპული მოდელს დანერგავს, რადგან ერთჯერადი დახმარებები, რომელიც იქ განხორციელდა, არ არის ეფექტური და უკვე ჩანს თანმიმდევრული მხარდაჭერის პოლიტიკის საჭიროება.

მომდევნო შეხვედრა 8 ივნისისთვის დაიგეგმა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.