Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 112-ე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 112-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. პროფკავშირების მხრიდან დელეგაციას წარმოადგენს: გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ბესიკ ხარატიშვილი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – თემურ სურამელაშვილი, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე – შოთა ჯავახაძე.

სახელმწიფო დელეგაცია, პროფკავშირების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრთა შემადგენლობით. ღონისძიება 3-14 ივნისის პერიოდში, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, შსო-ს სტანდარტების კომიტეტმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანგარიშგებისა და ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს საკითხი განიხილა იმ 25 სახელმწიფოს შორის, სადაც შსო-ს სტანდარტები ყველაზე მეტად ირღვევა.   საქართველო სიაში შსო-ს მე-100 კონვენციის – ,,ქალისა და კაცის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო მოხვდა.

კერძოდ, შრომის ბაზარზე, შრომისუნარიანი ასაკის ქალთა მხოლოდ 40.5%-ის მონაწილეობა ეკონომიკური აქტიურობის კუთხით წარმოადგენს გენდერულ სახელფასო სხვაობას.  ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 2022 წლის მდგომარეობით შეადგენდა 31,7%-ს. აღნიშნული სხვაობა წლების განმავლობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კლება შენელებულია.

  • საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, შესწორებული სახელფასო სხვაობა 2022 წლის მდგომარეობით შეადგენდა 23%-ს.
  • ხელფასები ტრადიციულად ყველაზე დაბალია იმ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული, მაგალითად განათლების სექტორში სადაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 39%-ით ჩამორჩება.
  • დღემდე, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ დეფინიცია და ასევე, შრომის ღირებულების შეფასება/გაზომვის მეთოდოლოგია, რაც  კანონმდებლობის აღსრულებას ხელს უშლის; აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ არც სასამართლოს და არც  შრომის ინსპექციის სამსახურს არა აქვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც შესწავლილი იქნა სქესის ნიშნით  სახელფასო სხვაობის საკითხი.
  • სახელფასო სხვაობა მომავალში ასევე შექმნის გენდერული ნიშნით საპენსიო სხვაობას რამდენადაც საქართველო უკვე წლებია დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადავიდა.
  • კვლავ არ გვაქვს ღირსეული მინიმალური ხელფასი, რაც სახელფასო სხვაობის პრევენციის და შემცირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.
  • არ არის განვითარებული სოციალური დიალოგი.

შსო-ს სტანდარტების კომიტეტის მიერ საკითხის განხილვისას, პროფკავშირების პოზიციას და მის მიერ დაყენებულ ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს სრულად  დაუჭირეს მხარი როგორც სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა, ასევე, მთავრობების და დამსაქმებლების წარმომადგენლებმა: ბელგიიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ა.შ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად პროფკავშირების რეკომენდაციები გაიზიარა დამსაქმებელთა სპიკერმა (ACT/EMPs).

პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ  გასატარებელ ღონისძიებებს სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც, საჭიროა, სოციალური პარტნიორების ჩართულობით:

  • საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაზუსტდეს ტერმინი და დადგინდეს თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანასწორი ანაზღაურების პრინციპი.
  • შეიქმნას შრომის ღირებულების შეფასება/გაზომვის მეთოდოლოგია.
  • შეიქმნას და ამოქმედდეს ანაზღაურების გამჭვირვალობის სისტემების ეფექტური რეგულაციები.
  • შემუშავდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურების სტანდარტი ყველა დასაქმებულისთვის.
  • დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს დასაქმებულთა და მათი ოჯახებისა და ეკონომიკურ ფაქტორებს, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების არსებულ დონეს სოციალური დიალოგის საფუძველზე; მინიმალური ხელფასის ყოველწლიური შესწორების/გადასინჯვის მექანიზმს.

საქართველოს მთავრობამ საკითხის განხილვისას მიუთითა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს შრომით კანონმდებლობასა და პრაქტიკაში პოზიტიური ცვლილებების  განხორციელებას და ზედამხედველი კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებაზე უკვე მუშაობს.

სტანდარტების კომიტეტი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მიმდინარე წლის 13 ივნისს მიიღებს. ვიმედოვნებთ, რომ მასში სრულად  იქნება ასახული კომიტეტის სხდომაზე შეჯერებული რეკომენდაციები.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.