სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
2018 წლის 21 ივნისს საქართველოში ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და თითქოს ბედის სიავით სამუშაო ადგილებზე. თავად კანონის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არის ძალიან, ძალიან პატარა ნაბიჯი, რომელმაც როგორც ჩანს ვერ შეიტანა გარდატეხა სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხების განმტკიცების თვალსაზრისით. რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგის მიზეზია ამ კანონის მოქმედების სფერო მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მისი მოქმედება არ ვრცელდება ყველა სახის სამუშაო ადგილზე. ეს კანონი გათვალისწინებულია მხოლოდ მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებისთვის. მათი განსაზღვრისთვის კი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობაა საჭირო, სადაც საქართველოს მთავრობამ ეს ჩამონათვალი სოციალურ პარტნიორებთან უნდა შეათანხმოს. სამუშაო ადგილებზე ბოლო ათი დღის განმავლობაში დატრიალებული ტრაგედიები თვალნათელს ხდის რომ ამ ახალმა კანონმა ფორმალისტური მხარე უნდა დაძლიოს და რაც შეიძლება მალე. მართალია 2018 წლის 1 აგვისტოს კანონში გათვალისწინებული რეგულაციები ამოქმედდებიან, მაგრამ მხოლოდ 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება დამსაქმებელთა ვალდებულება უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით, მოახდინოს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა. მანამდე კი როგორც ჩანს ეს ტრაგედიები სამუშაო ადგილებზე ისე გაგრძელდება, რომ არ მოხდება ამ ვადების დროული გადმოწევა, თუნდაც 2018 წლის 1 აგვისტოსთვის, რათა რეგულაციებმა და ვალდებულებებმა ერთად დაიწყონ მოქმედება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დამსაქმებლებმა რაც შეიძლება მალე უნდა მოახდინონ მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცლილებების შესახებ მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. გასათვალისწინებელია ისიც რომ კანონო დამსაქმებელს ავალდებულებს ისეთ საკითხების გადაწყვეტას, როგორიც არის: სამუშაო სივრცეში უბედური და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება, პერიოდულად საწარმოო გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების შემოწმება, გაზომვა და შეფასება, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე დასაქმებულთათვის სწავლების, ტრენინგებისა და ინსტუქტაჟის ჩატარება, მათთვის შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება, საწარმოს კოლექტიური, ხოლო დასაქმებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა. ეს არასრული ჩამონათვალიც კი ნათლად ადასტურებს, თუ რაოდენ საშურია, თუნდაც ასეთი შეკვეცილი კანონის სასწრაფოდ ამოქმედება. გასათვალისწინებელი ფაქტორია ამ მხრივ ისიც, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაუშვებელი ხდება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლება ან სხვა დასაქმებულთან შედარებით მისი მდგომარეობის გაუარესება კანონში აღნიშნული უფლებების გამოყენების გამო. მართალია „შრომის უსაფრთხოების შესახებ „ კანონის თუნდაც ნაწილობრივი ამოქმედებით მცირე ნაბიჯი წინ გადაიდგა, მაგრამ პრობლემად რჩება შრომის ინსპექტორის შეკვეცილი უფლებები, რადგან მას კანონი არ აძლევს უფლებამოსილებას შეამოწმოს შრომის კანონის შესრულება კონკრეტულ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ასევ მას არა აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს ქალსა და მამაკაცს შორის სამუშაო ადგილზე თანასწორობის საკითხი, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე დიდი პრობლემა იქნება და წინასწარ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კვლავ წარმოშობს ახალ საფრთხეებს დასაქმების ადგილებში.
შრომის უსაფრთხოების მაღალი კულტურის ტრადიციად ქცევისათვის, სამუშაო ადგილებზე მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მიმართულები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სათანადო საზოგადოებრივი და სამართლებრივი ინიციატივები ყურადსაღები და საერთო ძალისხმევის საფუძველი უნდა გახდეს ყველა სოციალური პარტნიორისთვის, რადგან მხოლოდ ეს გახდის სოციალურ დიალოგს ქვეყანაში სათანადო შინაარსის მქონე პროგრესულ მოძრაობად, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას აიყვანს სათანადო დონეზე, იმ საფეხურზე რომელზეც ის უნდა იდგეს დემოკრატიულ საზოგადოებაში.