მოდელები საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებენ და ღიად საუბრობენ მოდის ინდუსტრიაში შრომითი ურთიერთობების მხრივ არსებულ პრობლემებზე.
7 სექტემბერს, Tbilisi Rooms Hotel-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ოფისი და მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი, სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრამდე გაიმართა ახლად დაფუძნებული ,,მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ პრესკონფერენცია. დამფუძნებლემა და წევრემა საზოგადოებას პროფკავშირის შექმნის მიზნები, მიზეზები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
მოდელების პროფკავშირის დამფუძნებელი, მოდელი ანა გავვა რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც მისი თქმით მოდელებს ბრძოლის დაწყებისკენ უბიძგა. პრობლემების უმეტესობა თავს იჩენს ხოლმე მოდის კვირეულების პერიოდში და კერძო სარეკლამო კომპანიებთან მუშაობისას.
“პირველ რიგში ვიტყვი, რომ გვჭირდება სივრცე, სადაც ელემენტარული ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული, უმეტეს შემთხვევებში მოდის კვირეულები, რომლებიც ტარდებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე, ვერ პასუხობს სანიტარიული მოთხოვნების ელემენტარულ სტანდარტებს. არ არის პირობები იმისთვის, რომ სრულფასოვნად იმუშაონ მოდელებს.
პრობლემაა გამოსაცვლელი კუთხე, მესამე პირის წვდომის გარეშე ტანსაცმლის გამოცვლა გვიწევს უამრავი ადამიანის თანდასწრებით, მათ შორის მოწვეული სტუმრების, პრესის, ფოტოგრაფების, ტელევიზიების, რომლებიც საკმაოდ მარტივად ახერხებენ შემოსვლას „ბექსთეიჯში“, გვიღებენ ფოტოებს დაუკითხავად და ავრცელებენ ასახულ კადრებს მედიაში, რაც არავისთვის არ არის სასიამოვნო.
სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ არ არის არც საპირფარეშოც კი იმ შენობაში, სადაც გვიწევს მუშაობა. არ არსებობს მოსასვენებელი სივრცე, არ არის მოწესრიგებული კვების და ტრანსპორტირების საკითხი მოდის კვირეულების პერიოდში.
გაუმართავია სამუშაო გრაფიკი. რეპეტიციები და შოუ ყოველთვის დაგვიანებით იწყება და შესაბამისად, სამუშაო საათებიც იზრდება ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
სერიოზული პრობლემაა ბულინგი, არაერთი დამწყები მოდელისთვის (და არამარტო) ცნობილია აგდებული დამოკიდებულება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მერსედესის თანამშრომლებისგან.” აცხადებს ანნა გავვა.
ამას გარდა მოდელების თქმით პრობლემად რჩება ანაზღაურების საკითხი, რადგან არ არსებობს ხელფასის მინიმალური ზღვარი და მოდელების დიდი ნაწილი უმეტეს შემთხვევაში მუშაობს ზეპირი შეთანხმებით, ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე. პრესკონფერენციის შემდეგ ამ და სხვა პრობლემებზე საუბარი დაინტერესებულ მხარეებთან გაგრძელდა.
კერძოდ განიხილეს მოდის სფეროში არსებული დისკრიმინაციული და კანონ შეუსაბამო შრომითი პრაქტიკა, გადაჭრის გზები და შესაბამისი უწყებების როლი, მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაცია, ქალთა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოდელო სააგენტოები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები.
შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მოდელების პროფკავშირის შექმნა საქართველოში უპრეცენდენტოა და ბიძგს მისცემს ამ სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებს იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ “ქალთა ფონდი საქართველოში”, “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო”, ქვემო ქართლის მედია და ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის”. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.