საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კიდევ ერთი სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. სარჩელი სასამართლოში კოსმეტიკის დისტრიბუციის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ იყო შეტანილი, რომელმაც ფეხმძიმე თანამშრომელი მის მიერ ორსულობის შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.
გ.გ. დამსაქმებლისგან შრომითი ხელშეკრულების ასლის გადაცემას 1 წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. მისი მოვალეობა კოსმეტიკის კორპორაციული გაყიდვების წარმოება და შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის მიწოდება იყო. მას პირადად უწევდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა, რაც არაერთხელ გააპროტესტა. იგი ასევე აპროტესტებდა კომპანიის ცალმხრივ გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა ანაზღაურების ცვლილების შესახებ. ეს კი, კომპანიის ადმინისტრაციას დისკომფორტს უქმნიდა.
სამსახურიდან გათავისუფლებამდე 3 დღით ადრე გ.გ.-მ ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, რაც კანონით დადგენილი წესით აცნობა კიდეც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. კომპანიის ხელმძღვანელმა გ.გ. აღნიშნული ცნობის მიღებიდან ძალიან მალე სამსახურიდან გაათავისუფლა.
გ.გ. უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისმა სარჩელი მარტში შეიტანა. ივნისის პირველ რიცხვებში კი, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები: სასამართლომ ბათილად სცნო გ.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, იგი აღდგენილი იქნა გათავსუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 5 თვის განაცდური ხელფასისა და 2 თვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება.
გ.გ. სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,2020 წლის 4 თებერვალს, სამსახურიდან გამათავისუფლა კომპანიამ, რომელშიც 1 წლიანი უამრავი ენერგია და შრომა მქონდა ჩადებული. საწყენი ისაა, რომ ჩემი გაშვება მაშინ გადაწყდა , როცა გამოვაცხადე , რომ ორსულად ვიყავი. იმისდა მიუხედავად , რომ იქამდე არაერთხელ მომითხოვია შრომითი ხელშეკრულება ჩემს თხოვნას შედეგი არ მოყოლია. გათავისუფლების მერეც მოვითხოვე კომპანიიდან ცნობა ჩემი გათავისუფლების შესახებ, რომელშიც ეწერებოდა გარკვევით, თუ რა მიზეზით ვიყავი გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, არც ამას მოყვა რეაგირება მათი მხრიდან. მაშინ მივხვდი, რომ საკმაოდ რთული, პრობლემური, თავისნება და არაკანონმორჩილ კომპანიასთან მქონდა საქმე და სერიოზული იურიდიული დახმარება დამჭირდებოდა. მივმართე პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელს , საკმაოდ ჭკვიან ახალგაზრდას , პროფესიონალ იურისტს , ირაკლი მხეიძეს, რომელმაც მე, როგორც გზააბნეული, სამსახურიდან შეურაცხყოფილი და უსამართლოდ გამოშვებული მოქალაქე დამამშვიდა, დამაიმედა და მითხრა, რომ სამართალს აუცილებლად აღადგენდა და კანონის უგულვებელყოფას არ აპატიებდა კომპანიას, რომელმაც ორსული გამიმეტა სამსახურიდან გათავისუფლებისთვის. ის მართლა ასე მოიქცა, მალევე სარჩელი შევიტანეთ და ასევე მალე მოვიგეთ საქმე. ეს მოკლე შინაარსია იმ რიგი ნერვიულობისა და მოვლენებისა, რაც ამ პერიოდში ხდებოდა.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატს, ირაკლი მხეიძეს, ადამიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი საკითხი და მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო , რომ უკანონო გზით გამძღარი კომპანია დაგვემარცხებინა, რომელმაც მეც და ბევრს ჩემს გარშემო, იმედი მოგვცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია გამოასწორო , როცა შენს გვერდით კანონია და კარგი ადვოკატი. ჩემი გამარჯვება ჩემი მონდომების მიუხედავად ირაკლის გარეშე ვერ მოხდებოდა. მადლობა ირაკლი ამისთვის და მიხარია , რომ ჯერ კიდე არსებობენ ასეთი ნიჭიერი იურისტები , რომლებიც მთელი გულით და ცოდნით არ იშურებენ ენერგიას, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი ასეთი კომპანიების უსამართლო ქმედებებისგან. მადლობა ირაკლი! ”