Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დასაქმებულს, რომელსაც დამსაქმებელმა თითქმის ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ფულის მოპარვა დააბრალა, პროფკავშირმა სასამართლო დავა მოაგებინა

თითქმის ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, სს „ოპპაში“ დასაქმებულს, დამსაქმებელმა 100 ლარის მოპარვა დააბრალა.

ლევან მჭედლიშვილი კომპანიაში 2013 წლიდან 2022 წლის 14 იანვრამდე იყო დასაქმებული. ამავდროულად, პროფკავშირის აქტიური წევრი იყო და 2021 წელს მიმდინარე კოლექტიურ შრომით დავაში დასაქმებულთა პრობლემებს აჟღერებდა.

სს ოპპაში თანხის დანაკლისები ხშირია. ამ დანაკლისებს დასაქმებულებს მათი ბრალეულობის გამოკვლევის გარეშე ხელფასებიდან უქვითავენ. 2022 წლის იანვარში, ლევან მჭედლიშვილს ხელფასიდან დამსაქმებელმა 100 ლარზე მეტი თანხა დაუქვითა, რაც ლევანისთვის მნიშვნელოვანი ოდენობა იყო (ხელფასი სულ 1000 ლარამდე ჰქონდა). მან უშუალო ხელმძღვანელს განუცხადა, რომ საკითხს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. 2022 წლის 13 იანვარს კომპანიამ ჩაატარა ე.წ. „შემოწმება“.

2022 წლის 14 იანვარს, მოულოდნელად, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევანს განუცხადა, რომ კომპანიას ეჭვი გაუჩნდა მის მიმართ წინა თვეში დიდი ოდენობით თანხის დანაკლისების გამო, ჩაატარა სპეციალური შემოწმება და თანხის მითვისება „დაუდგინდა“. კერძოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში განათავსა 100-ლარიანი კუპიურა, რომელიც მას უნდა ეპოვა ინკასირებისას, ლევანმა კი ეს თანხა არ წარადგინა კომპანიის სალაროში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან კომპანიის კუთვნილი თანხა მიითვისა. შესაბამისად, კომპანია მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტდა.

დამსაქმებელი ფაქტის მტკიცებას გაინკასირებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ლოგების ჩანაწერებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ აპარატში თანხის განთავსების შესახებ გადაღებული ვიდეო მასალით და დასაქმებულის ხელმძღვანელების ჩვენებებით ცდილობდა.

ლევანმა პროფკავშირის დახმარებით სარჩელით მიმართა სასამართლოს და სადავო გახადა დამსაქმებლის ყველა მტკიცებულება. საქმეზე 11 სხდომა ჩატარდა და 8 მოწმე, ასევე, ექსპერტი დაიკითხა. დამსაქმებელმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ აპარატში თანხის განთავსების შესახებ გადაღებული ვიდეო მასალის ავთენტურობა ვერ დაადასტურა.

მოსარჩელის მიერ ექსპერტისთვის დასმული კითხვებით გამოვლინდა, რომ ექსპერტმა ჩაატარა მხოლოდ ექსპერიმენტი აპარატში თანხის განთავსებისა და აპარატის მუშაობის შეფერხების მიზნით და არ დაუდგენია აპარატის ლოგების ჩანაწერების ავთენტურობა, რაც ნიშნავდა იმას, რომ თითქოსდა პროგრამული ჩანაწერები, რომლებიც, დამსაქმებლის მტკიცებით, უტყუარად ადასტურებდა თანხის მითვისებას, შესაძლოა, არც ყოფილიყო ლევან მჭედლიშვილის ინკასირების ამსახველი ან მანიპულირებული ყოფილიყო.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კრიტიკული დაკითხვით კი გამოაშკარავდა, რომ, ლევან მჭედლიშვილის გარდა, აპარატზე წვდომა ჰქონდა თავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსაც. მიუხედავად ამისა, კომპანიას გონივრული ეჭვი არ მიუტანია მასზე და თავიდანვე დადასტურებულად მიიჩნია, რომ თანხა სწორედ ლევან მჭედლიშვილმა მიითვისა. დასაქმებულის მიმართ ანგარიშსწორების მოტივზე ეს გარემოებაც მიანიშნებდა. დამსაქმებელმა ვერც იმ კითხვას გასცა პასუხი, ნამდვილად მოთავსდა თუ არა ეს თანხა აპარატში.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებით: ბათილად ცნო გათავისუფლება და დამსაქმებელს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 875 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 15 750 ლარს შეადგენს, განაცდურის ოდენობა გაიზრდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლომ დამსაქმებელს, აგრეთვე, დააკისრა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება -დარიცხული 44.47 ლარის ოდენობით და სასამართლო ხარჯი.

ამასთან, მოსამართლე ნათია მარშანიამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა და მიუთითა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის დარღვევის რეალური ფაქტები გამოიკვლიოს და გათავისუფლების კანონიერება მხოლოდ ამის შემდეგ დაასაბუთოს. მოსამართლემ დამსაქმებლის მხრიდან დარღვევის გამოვლენის მიზნით სპეციალური შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება უკიდურეს აუცილებლობას დაუკავშირა, რაც სს ოპპას არ ედგა. გარდა ამისა, მოსამართლემ სპეციალური შემოწმება „დანაშაულის პროვოკაციად“ შეაფასა. მისი განმარტებები ანალოგიით ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სასამართლოს განმარტება საგულისხმოა იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც მუშაობენ ფინანსურ დაწესებულებებში და რომლებსაც დამსაქმებლები ხშირად უტარებენ ფულთან დაკავშირებით ისეთ შემოწმებებს, როდესაც მათთვის უცნობია, რომ, მაგალითად, „მისტიურ მომხმარებელს“ ემსახურებიან ან ფინანსურ ტრანზაქციებს ფულის დანიშნული კუპიურით ასრულებენ.

ლევან მჭედლიშვილი „ლაბორის“ წევრია და მის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.