პროფკავშირების გაერთიანებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ: პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია 7 ივნისს, 12:00 საათზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება და მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლებს. ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.
“ექიმები და მძღოლები ითხოვენ სახელფასო ანაზღაურების 100 პროცენტით ზრდას. ისინი ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და მათი შრომითი უფლებები დაცული და დაფასებული უნდა იყოს. პროფკავშირების გაერთიანება და მედიცინის პროფკავშირი მზად ვართ, კანონის ფარგლებში ყველანაირი, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედპერსონალს“ – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამინისტროსთან მისული აქციის მონაწილეებისა და პროფკავშირების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნის წერილი პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა მედიცინის პროფკავშირის ხელმძღვანელთან, ირაკლი ამირანაშვილთან ერთად უკვე შეადგინა და სამინისტროს დღესვე გადაეგზავნება.