Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოტყუებული შშმ პირები – დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების, დაგვიანების პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევს

ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების ალიანის დირექტორი შშმ პირების უფლებების დარღვევას კიდევ ერთხელ შეეცადა, თუმცა მთავარმა შრომის ინსპექტორმა დამსაქმებლის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და დაავალდებულა, დასაქმებულებს  სახელფასო დავალიანება და დაგვიანების პირგასამტეხლო აუნაზღაუროს.

ყველაფერი 2021 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო. დიანა ჯიშიაშვილმა სხვა 21 დასაქმებულთან ერთად, რომელთაგან 12 შშმ პირია, პროფკავშირების გაერთიანებას დახმარების თხოვნით მიმართა.

თოეული მათგანი თავიანთი უნარების მაქსიმალურად რეალიზებასა და პროფესიულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ცდილობდა. სწორედ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაიგეს, რომ არსებობდა  პროექტი, რომლის მიზანი დასაქმების მეშვეობით შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერება იყო. ამ იდეით მოხიბლულები „ფეისბუქითვე“ დაეკონტაქტნენ ორგანიზაციის დირექტორის სახელის მქონე ფეისბუქის ანგარიშს, რადგან ჩათვალეს, რომ ამ პროექტით ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, მით უმეტეს, რომ, დირექტორის თქმით, თავადაც შშმ პირი იყო.

დასაქმებულთა ხელფასი, პოზიციების შესაბამისად, ხელზე ასაღებ 300, 600 და 1200 ლარს შეადგენდა, თუმცა დამსაქმებელს არცერთ მათგანთანწერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებელმა მათ განუცხადა, რომ ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან დაფინანსება ვერ მოიპოვა და თანამშრომლობას წყვეტდა. ამასთან, მანამდე ნამუშევარი 3 თვის ხელფასი აღარ აუნაზღაურა.

პროფკავშირების დახმარებით დიანა ჯიშიაშვილმა და სხვა 21-მა დასაქმებულმა  შრომის ინსპექციის სამსახურს საჩივრით მიმართა. დამსაქმებელმა ბოროტად ისარგებლა დასაქმებულების შშმ პირის სტატუსით და დასაქმებულები მოატყუა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა 2022 წლის 25 იანვარს ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა გაძლიერების ალიანსი სამართალდამრღვევად ცნო. ვინაიდან სამართალდარღვევა ჩადენილი იყო შშმ პირების მიმართ დამსაქმებელს დაეკისრა ჯარიმა 1600 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დამსაქმებელს დავალაროგორც 3 თვის აუნაზღაურებელი ხელფასის, ისე პირგასამტეხლოს გადახდა ხელფასის დაგვიანების ყოველი დღისთვის გადასახდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით.

დამსაქმებელმა ოქმი  ზემდგომ თანამდებობის პირთან გაასაჩივრა. მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით დამსაქმებლის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განიმარტა, რომ დამსაქმებლის პრეტენზია, თითქოს მომჩივნებთანშრომით ურთიერთობაში საერთოდ არ იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მომჩივნებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები: ხელფასის ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; სოციალურ ქსელში მიმოწერები, რომლებშიც ჩანდა დავალებების გაცემა და მათი შესრულების შეფასება; აგრეთვე, Zoom შეხვედრის ჩანაწერი, რომელიც ასახავდა დამსაქმებლის განმარტებებს ხელფასის დაყოვნების მიზეზების შესახებ. შრომის ინსპექციამ დაადგინა ისიც, რომ დამსაქმებელმა ხელფასის ოდენობა ცალმხრივად განსაზღვრა.

მთავარი შრომის ინსპექტორი დაეყრდნო „ფაქტების უპირატესობის“ პრინციპს და დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა  შრომითი ურთიერთობა იყო.  

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია შშმ პირების, როგორც მოწყვლადი ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები. აღნიშნულია, რომ შშმ პირები საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის აუცილებელია, ისინი უზრუნველყოფილები იყვნენ მათზე ადაპტირებული სამუშაოთი.

დასაქმებულების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.