საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიებაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დამდგარი შედეგების გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს და სოლიდარობა გამოხატა.
„საქართველოს პროფკავშირული მოძრაობა თურქი ხალხის გვერდით დგას“ – განაცხადა პეტრიაშვილმა. ამასთან, გაერთიანების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექციის როლის დაკნინებამ, მიწისძვრის შედეგები კიდევ უფრო ფატალური გახადა.
საკუთარ გამოსვლაში პეტრიაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგებზეც ისაუბრა.
„სიხარბეს არ აქვს საზღვრები, სანქციებით, ბანკებში მილიონებია გაყინული, მსოფლიოში კი უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შიმშილით იღუპებიან“ – აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.
ღონისძიებას რვაასამდე ადამიანი ესწრებოდა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზეც იმსჯელეს.