საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და მისგან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილს ტყიბულში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის შესახებ პროფკავშირების მიერ შემუშავებულ გეგმას გააცნობს, აუცილებლად გასატარებელი სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებულთა უსაფრთხოების და შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად სპეციალური აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და მათთვის ყველა საჭირო პირობის შექმნას, ასევე ბიზნესი მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, შექმნილი მძიმე ვითარების სწრაფი გამოსწორების და განვითარებისთვის.
,, როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის 5 აპრილს მოხდა უმძიმესი ტრაგედია. ქ. ტყიბულში მდებარე ქვანახშირის მომპოვებელ მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 6 მუშა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 3 მუშამ.
ასეთმა შემთხვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. 2017 წელს ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვებისას საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 5 მუშა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შახტებში შრომა მომეტებული საფრთხის შემცველია, საქართველოში ამ კუთხით სტატისტიკა განსაკუთრებით მძიმეა – 2010 წლიდან ტყიბულის შახტებში გარდაცვლილია 28 მუშა.
ჩვენი მოსაზრებით:
ა) მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი საწარმოო შემთხვევის მოკვლევის მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფკავშირების შრომის ინსპექტორი, მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა ასევე აუცილებელია. მით უმეტეს, რომ გუდაურში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთავრობის რეაქცია სწორედ ასეთ მიდგომას გულისხმობდა. შახტებში უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოების აზრით, ბევრად უფრო მგრძნობიარე დამოკიდებულებას მოითხოვს ვიდრე ეს დღეს ხდება. შესაბამისად, გთხოვთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოწვეულ იქნას ამავე ორგანიზაციის ეგიდით მოქმედი ექსპერტთა ჯგუფი, რათა 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოონ მიუკერძოებელი და კომპეტენტური მოკვლევა.
ბ) აუცილებელია, უმოკლეს ვადებში იქნეს შემუშავებული ტყიბულის შახტების სრული რეაბილიტაციისა და თავად ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. აღნიშნული მიზნით კი მოწვეულ იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლებასთან, ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებენ დასკვნებს შახტების რეაბილიტაციასთან და ამ პროცესში ქალაქის გამართულ ფუნქციონირებასა და მეშახტეების სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (დროებითი უმუშევრობის კომპენსაცია, საზოგადოებრივ/ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმება, ქალაქში საზოგადოებრივი და კომუნალური მომსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება). გაცნობებთ, რომ ჩვენ უკვე მივმართეთ ასეთი თხოვნით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა გამოყოს კვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფი.
გ) დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება ზემოაღნიშნული საკითხი, სადაც წარმოგიდგენთ ჩვენს დეტალურ ხედვას მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით.
დ) დღის წესრიგში უნდა დადგეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის -,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“, რატიფიცირების საკითხი, რასაც წლებია მოვითხოვთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენთვის ცნობილია ჩვენი სკეპტიკური მიდგომა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ კანონთან და არსებული სახით შრომის ინსპექციის მოქმედებასთან მიმართებით. ამ საკითხზე მრავალი შენიშვნა გვაქვს წარმოდგენილი შსო-ს 81-ე და 155-ე კონვენციების მოთხოვნებთან მათი შეუსაბამობების შესახებ.
ტყიბულის შახტებთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლის მასშტაბური გეგმის შემუშავების შესახებ ინიციატივით პროფკავშირი უკვე რამდენიმე წელი გამოდის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის კიდევ ერთხელ გადადება დანაშაულის ტოლფასია. ქვემოთ გაგაცნობთ ასეთი გეგმის რამდენიმე ასპექტს, ხოლო სრულყოფილ ხედვას წარმოვადგენთ სამმხრივი კომისიის სხდომაზე.
- შახტების რეაბილიტაციის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო ამ პერიოდში ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეჩერდეს შახტების რეაბილიტაციის დასრულებამდე. პროფკავშირებისთვის ტყიბული მხოლოდ ქალაქი არაა. ის, ქვეყანაში არსებული მასობრივი უმუშევრობის ფონზე, სოციალური პროექტიცაა და მივესალმებით, თუკი სახელმწიფოც მას განიხილავს ასეთ კონტექსტში და არა როგორც ბიზნესის ხელშეწყობის საშუალებას.
- კომპლექსური გეგმის მიხედვით საწარმოს გაჩერების პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს შესაბამისი სახსრები, რათა მოხდეს ერთი მხრივ, კომპანიისთვის შახტების რეაბილიტაციის ფინანსურ-ეკონომიკურ ხარჯებში სახელმწიფოს მონაწილეობის განსაზღვრა და მეორე მხრივ, დასაქმებულებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქში სოციალურ-კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. ასეთი გამოცდილება არსებობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამ მიმართულებით, გაგვაჩნია კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი ტყიბულში.
- შახტებში მოპოვებითი სამუშაოები განახლდეს და მშრომელები შახტებში დაშვებულ იქნენ მხოლოდ მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციისა და შრომის ორგანიზების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შემდეგ.
- სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ დაჩქარებული წესით შემუშავდეს შახტებში საწარმოო უბედური შემთხვევებისგან მეშახტეთა და მათი ოჯახების დაზღვევა თანამედროვე წარმატებული გამოცდილების შესაბამისად, რათა მეშახტეებისთვის გარანტირებული იყოს ღირსეული კომპენსაცია და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სრული აღმოფხვრა.
- კომისიამ უმოკლეს ვადებში განიხილოს, შეიმუშაოს და მთავრობას წარუდგინოს „სახელმწიფო პენსიებისა და კომპენსაციების შესახებ კანონის“ მეშახტეებზე გავრცელების საკითხი, რათა, პარლამენტის წევრების, მოსამართლეების, მეხანძრეების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მსგავსად, მათაც მიეცეთ საპენსიო ასაკისთვის მიღწევამდე ღირსეულ პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა. ამისთვის, საფუძვლად შესაძლებელია აღებულ იქნას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ პარლამენტში გასულ წელს ინიცირებული კანონპროექტი.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსაზრებები გაზიარებული იქნება და აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას პროცესში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. ” – წერია პრემიერთან გაგზავნილ განცხადებაში
ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალურ წერილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერსაც უგზავნის, ტყიბულში არსებულ ურთულეს ვითარებას აღწერს და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შსო-ს ექსპერტების მიერ მოკვლევის ჩატარებას და დასკვნის მომზადებას ითხოვს, იმის შესახებ თუ რამდენადაა დასაშვები შახტების ფუნქციონირება და რა ქმედებებია განსახორციელებელი შახტების რეაბილიტაციისთვის.