Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილის წერილი ETUC-ის და PERC-ის გენერალურ მდივანს ლუკა ვისენტინის

ETUC-ის და PERC-ის გენერალურ მდივანს ლუკა ვისენტინის

ასლი: ევროკომისიის პრეზიდენტს

მის აღმატებულებას ურსულა ფონ დერ ლეიენს

ასლი: ETUC-ის წევრი ორგანიზაციების პრეზიდენტებს

 

ძვირფასო ძმაო ლუკა,

 

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთად ვგმობთ იმ ვანდალიზმსა და ბარბაროსობას, რასაც ვხედავთ და ადგილი აქვს სუვერენულ, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

თითოეული ჩვენთაგანი და ნებისმიერი ცივილიზებული, ჰუმანური ადამიანი მთელს მსოფლიოში საკუთარ ტკივილად აღიქვამს და თავის ცრემლს ამატებს იმ ტკივილსა და ცრემლების მდინარეებს, რაც უხვად დაადინეს ჩვენს უკრაინელ და-ძმებს, დედებს, მამებს, ბავშვებს, გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა და თანამოქალაქეების, დანგრეული ქალაქების, სოფლების, ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, სკოლების, სამშობიაროების გამო. უკრაინელები, უსამართლოდ ისჯებიან საკუთარი არჩევანის გამო, რომ შექმნან და იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში.

ჯერ კიდევ 2008 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა შეკრებებზე, ფორუმებზე, ყრილობებზე ბრიუსელში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, ვენაში, ბერლინში და სხვა ქალაქებში, ვამბობდი, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მაშტაბები გაფართოვდებოდა და მიაღწევდა ევროპის სხვა ქვეყნებსაც, თუ აგრესორს დროზე არ შეაჩერებდა და უპასუხოდ დატოვებდა ცივილიზებული თანამეგობრობა, ვინაიდან საქართველო ასევე ისჯებოდა(სამწუხაროდ დღესაც გრძელდება მისი დასჯა მცოცავი ოკუპაციით, ჰიბრიდული ომით) თავისი არჩევანის გამო, ყოფილიყო თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ანალოგიური მოხდა მოლდოვაში. ფაქტია, ეს ბუნებრივი ცხოველური ინსტიქტია, ისეთი ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როგორიც რუსეთშია, მათთვის ხომ მომაკვდინებელია დემოკრატია, ანუ სიტყვისა და ნების გამოვლინება, დამოუკიდებლობა, არჩევანის თავისუფლება, მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მინიმუმ განცდა და პასუხისმგებლობა იმისა, რომ მონაწილეობენ ქვეყნის მართვაში და ა.შ.

მაგრამ რით პასუხობს რუსეთის და მისნაირების ცხოველურ ინსტიქტებს ცივილიზებული სამყარო? მე არ ვიცი რით უპასუხებენ პოლიტიკოსები ბიზნესმენები და ა.შ. მაგრამ, რაც არ უნდა შორს იყოს უკრაინა, საქართველო თუ მოლდოვა და იქ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები, ვიცი, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა შორს არ არის, ჩემი პროფკავშირული და-ძმებისგან ვინც წარმოადგენთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მშრომელებს, პროფკავშირების მთავარი თეზისიც, არსიც და მიზანიც ხომ დემოკრატიისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაა?! მე, როგორც PERC-ის პრეზიდნტს, (კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ საპატიო მანდატის მონიჭებისთვის) დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენთაგანი მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს იმისათვის, რათა ევროპის კონტინენტის რუკაზე ავტორიტარიზმისა და დიქტატურის შავი ფერი ანუ სიბნელე არ გაიზარდოს და არ შეჭამოს და დაფაროს თეთრი და ნათელი და ამ ნათელისკენ მსწრაფვი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეების იმედით მიპყრობილი, მებრძოლი მზერა.

ძმაო, ლუკა!

დიდ მადლობა, რომ ევროპელ დამსაქმებლებთან ერთად, ჩემი წინადადება და თხოვნა, უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვასაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, განიხილეთ და დააყენეთ მის აღმატებულება ქალბატონ ფონ დერ ლეიენთან, ასევე უღრმესი მადლობა ქალბატონ ურსულას ამ საკითხში თანადგომისა და პოზიციის თანხვედრისთვის.

ჩემთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებს შორის არის რამოდენიმე სკეპტიკურად განწყობილი ლიდერი ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ETUC-ის გენერალური საბჭოს წევრების, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დაიშურებენ , რათა თავიანთ ქვეყნებში მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციას, მხარი დაუჭირონ თეთრისა და ნათელის გამრავლებას და შავისა და სიბნელის შემცირებას მსოფლიო რუქაზე.

ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთი, გარდა საომარი მოქმედებებისა უკრაინაში, მცოცავი ოკუპაციისა საქართველოში და ა.შ. ასევე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომლის თეზისებიცაა: დასავლური(ევროპული) ყველაფერი ცუდია, დასავლეთი გიყენებთ და თქვენ არ აინტერესებთ, ხომ ხედავთ არ გიღებენ არც მიგიღებენ, უბრალოდ თქვენით ჩვენ გვევაჭრებიან და ა.შ. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის მიმართ იმედგაცრუების და დემოტივაციის ნაცვლად, რა მიზანიც აქვთ ამ თეზისების ავტორებს, ქმედითი და გაბედული ნაბიჯები დაინახოს ევროპისგან ამ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მრავალტანჯულმა ხალხებმა, რათა კიდევ უფრო თამამი საზოგადოების კეთილდრეობაზე ორიენტირებული რეფორმებისკენ მოუწოდონ პოლიტიკისებს, რეფორმები რომელიც უზრუნველუოფს დემოკრატიას, სოციალურ დიალოგისა და პარტნიორობის მაღალ ხარისხს, რეფორმების, რომელიც უზრუნველყოფს შრომისა და ბიზნესის სფეროში არსებული მანკიერი დოქტრინის გადაფასებას და მოახდენს ნეოლიბერტარიანიზმის სიშლეგისა და ვნებების პრევენციას, რომელიც ისეთივე დამღუპველი და უპასუხისმგებლოა, როგორც ავტორიტარიზმი.

სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, დემოკრატიისა და თავისუფლების მოპოვებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება თანამედროვე იარაღითა და შუასაუკუნეობრივი აზროვნება-მეთოდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ისტორიული პროცესების მონაწილე ხდება, ამ პროცესებში ნებისმიერი ფორმით ჩაბმით, სწორ მხარეს დგომით და გარდაუვალი გამარჯვების მოპოვებით და უსამართლოდ გარდაცვლილთა სულებისა და მათი შვილების ბედნიერი და ნათელი მომავლისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ETUC და მისი წევრი ორგანიზაციები მხარს დაუჭერს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესს, თქვენთვის ხელმისაწვდომ ყველა ფორმატში.

 

პატივისცემით,

ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.