Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პირველი მაისი – მშრომელთა თანადგომისა და ბრძოლის დღე

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

პირველი მაისი დღეს, ისევე როგორც მრავალი წლის წინათ არის მშრომელთა თანადგომისა და ბრძოლის საერთო დღე. 1 მაისს თავის სახელოვანი ისტორია აქვს. 1884 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მუშათა კავშირებისა და შრომის ამერიკული ფედერაციის მე-4 კონგრეზე გადაწყდა მთელი ძალისხმევით ემოქმედათ 8 საათიანი სამუშაო დღის მისაღწევად. 1886 წლის 1მაისს ამერიკის დიდი ინდუსტრიულ ცენტრში – ქალაქ ჩიკაგოში შეიკრიბა მუშათა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომლის უმთავრესი მოთხოვნა იყო 8 საათიანი სამუშაო დღე. მომიტინგეების მისამართით განხორციელდა პროვოკაცია, შედეგად დაიღვარა ადამიანების სისხლი, ხოლო პასუხისმგებლობა მომხდარზე დააბრალეს სრულიად უდანაშაულო მუშა აქტივისტებს, რიმელთაგან რამდენიმე ინსცენირებული ფსევდო სასამართლოს მეშვეობით ჩამოახრჩეს კიდეც. გავიდა არცთუ დიდი დრო და ნათლად გაირკვა ამ მუშათა სრული უდანაშაულობა. 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლა კი მაინც გრძელდებოდა.

1888 წელს სენ-ლუიში გამართულ კონგრესზე შრომის ამერიკულმა ფედერაციამ დაადგინა, რომ უკვე 1890 წლის 1 მაისს უნდა გამართულიყო მუშათა საერთო მრავალრიცხოვანი აქცია, რომლის უმთავრესი მოთხოვნა იქნებოდა 8 საათიანი სამუშაო დღის დაკანონება.

1889 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გამართულმა მუშათა მეორე ინტერნაციონალის პირველმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შემდგომ ყოველი წლის 1 მაისი აღენიშნათ, როგორც მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღე.

1890 წლის 1 მაისს პირველად ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა მუშათა მძლავრი დემონსტრაციები, რაც ნათელი დადასტურები იყო იმ ფაქტისა, რომ 1 მაისი მუშებისთვის გახდა საერთო ბრძოლისა და საერთო თანადგომის დღე. მსოფლიოს ყველა მშრომელისთვის დიდი დღესასწაული.

1891 წელს ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ მუშათა მეორე ინტერნაციონალის მეორე კონგრესმა მიიღო დადგენილება, რომელშიც აღნიშნული იყო: „1 მაისის საერთაშორისო დღესასწაული მიძღვნილია ერთსა და იმავე დროს 8 საათის სამუშაო დღის პრინციპის, შრომის რეგლამენტაციის და პროლეტარიატის ყოველმხრივი გამაგრებისთვის, რათა მიღწეულ იქნას მისი მისწრაფება – განმტკიცდეს მშვიდობა ხალხებს შორის.“

1893 წელს შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ციურიხში მუშათა მეორე ინტერნაციონალის მესამე კონგრესზე მიღებულ დადგენილებაში კი აღინიშნა:

„1 მაისის მანიფესტაციამ 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ამავე  დროს უნდა აამოქმედოს მუშათა კლასის მძლავრი ნებისყოფა და უნდა განამტკიცოს სოციალური გადატრიალებისა და საერთაშორისო მშვიდობის მოახლოების იმედი.“ აღნიშნულ დადგენილებაში, ასევე მითითებული იყო, რომ 1 მაისის აღნიშვნის ყველაზე უფრო ნამდვილ ფორმას სამუშაოს შეწყვეტა ე. ი. გაფიცვა წარმოადგენს.

1893 წლის 1 მაისს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში გამომავალ გაზეთში „ახალი დრო“ სოციალ-დემოკრატი კარლ კაუცკი წერდა: „1 მაისი დღესასწაული არის არა მარტო შემოწმება, არამედ ომის გამოცხადებაც. და ამ დღეს ჩვენი საბრძოლო შეძახილი უნდა იყოს: „ომი ომს!“

დღეს საქართველოში მშრომელები დარაზმულნი გამოდიან სოციალური, ეკონომიკური, შრომითი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და მათ ამ ღირსეული და სამართლიანი მიზნების მისაღწევად რაზმავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

გადის წლები, მაგრამ 1 მაისის მნიშვნელობა ყოველთვის უმაღლეს ნიშნულზე ყველა კონტინენტის მშრომელთათვის. უმთავრესი, რაც  1 მაისის ყველა მშრომელს აერთიანებს არის ჯერ კიდევ თითქმის ცამეტი ათეული წლის წინ დაწყებული ღირსეული შემართება, იმის მართალი რწმენა, რომ მშრომელი ადამიანის გარეშე არ არსებობს არავითარი საზოგადოება, მისი კეთილდღეობა და განვითარება, რომ მუშათა სიცოცხლე და შრომის უფლება ის ძირეული პირობაა, რასაც წინ მიყავდა და მიყავს კაცობრიობა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რიგებში დარაზმული მშრომელები თავიანთ მძლავრ ხმას მიაწდენენ მთელ ქვეყანას, რომ  ამ 1  მაისს საქართველოს მშრომელები, ყველა ქვეყნის სხვა მშრომელებთან სოლიდარულნი არიან და ურთიერთმხარდაჭერით იღვაწებენ და იბრძოლებენ საერთო ინტერესების დასაცავად. 1მაისი ღირსეული ბრძოლის დღეა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მშრომელთა დღესაწაულია!

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.