,,რუსთავის აზოტი”-ს ადმინისტრაციამ ზაზა სებისკვერაძე სამსახურიდან 2018 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ამონიუმის გვარჯილის საამქროს დათხოვნილმა უფროსმა გადაწყვიტა საკუთარი სამართლებრივი ინტერესები საქართველოს პროფესიული კავშირების დახმარებით დაეცვა და დაემტკიცებინა, რომ კომპანიის გადაწყვეტილება უკანონო იყო.
ადმინისტრაცია ზაზა სებისკვერაძის დათხოვნას 2018 წლის 21 თებერვალს, გამთენიისას, მის არასამუშაო საათებში (03:00 საათისკენ) საწარმოში მომხდარი ქურდობის შემთხვევას უკავშირებდა და მას ადანაშაულებდა, რომ სათანადო კონტროლი არ განახორციელა. აქვე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ კონტროლის ფაქტზე დაცვის თანამშრომლები და საამქროს ოსტატი დაკავებულნი იყვნენ.
1-ელ ინსტანციაში წაგებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მოსარჩელემ და პროფკავშირების იურისტმა თამარ სურმავამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ დავა მოიგეს. 2019 წლის 15 იანვარს, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და კომპანიას დაეკისრა ზაზა სებისკვერაძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღნიშნული სასამართლო პროცესი პრეცენდენტული და ამდენად უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ზაზა სებისკვერაძე, ამონიუმის გვარჯილის საამქროს უფროსი გახლდათ და საქართველოს პროფკავშირების შრომითი დავების პრაქტიკაში, ხშირი არ არის, ხელმძღვანელი პირი, მათ შორის მაღალი რანგის ინჟინერ ტექნიკური პერსონალი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებდეს.
მოსარჩელეს ადვოკატირებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა უწევდა.