Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები ცვლილებათა პაკეტის დამახინჯების წინააღმდეგ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება შრომის კოდექსის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი დღითიდღე უარესდება დასაქმებულების უფლებების დაცვის საკანონმდებლო  გარანტიების მნიშვნელოვნად შემცირებისა და მინიმუმამდე დაყვანის ხარჯზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლების განმავლობაში იყო ჩართული საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში და სთავაზობდა რეკომენდაციებს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და  საქართველოს შრომის კანონმდებლობის   შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად.

მიუხედავად ამ ძალისხმევისა,  მიმდინარე პროცესმა თავიდანვე მიიღო მანკიერი ხასიათი, რამდენადაც კანონპროექტების შემუშავება და განხილვა არ მომხდარა  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები გარკვეულწილად შეიცავს გაუმჯობესებულ სტანდარტებს, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებს, დასვენების და შესვენების დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენას, მასობრივ დათხოვნებს, დასაქმებულებთან კონსულტაციებს და მათი დაცვის გარანტიების საწარმოს გასხვისების პროცესში და ა.შ. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური სრულყოფა და  მანდატის გაზრდა.

თუმცა კანონპროექტები  გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აუარესებენ უკვე არსებულ სტანდარტს, რომელიც უკავშირდება სასამართლოში დავის პირობებში იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას და ტოლფას სამუშაო ადგილას აღდგენას და  ხანდაზმულობის ვადებს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს შრომის დაცვის გარანტიები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტებიდან, პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციის გარეშე ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანია საკითხები როგორიცაა:

  • ქალისა და კაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის განსაზღვრის საკითხი
  • დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმების კანდიდატს გარკვეულ სიტუაციებში დაუსაბუთოს დასაქმებაზე უარი
  • ,,ობიექტური გარემოება“ მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების წინაპირობად და ასევე გათავისუფლების საფუძვლად
  • ე.წ.  დეკრეტული შვებულება
  • დღეში სამუშაო საათების ზღვრული ოდენობა-8 საათი და სრულწლოვანი დასაქმებულებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერი
  • 24 საათიანი სამუშაო ცვლების შეზღუდვა
  • შეღავათები ღამის სამუშაოებზე დასაქმებულთათვის
  • სოლიდარობის გაფიცვა

ხაზგასასმელია  ის ფაქტი, რომ მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხი კვლავ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება, რაც გულისხმობს 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალური ხელფასის სახით თვეში მხოლოდ 20 ლარის გადახდის ვალდებულებას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტი ექცევა ბიზნესის წარმომადგენლების გავლენის ქვეშ და სწორედ ბიზნეს ლობისტების მოთხოვნის შესაბამისად დღითიდღე მცირდება დასაქმებულთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს თანმიმდევრულად მიყვეს მის მიერ არჩეულ ევროინტეგრაციის კურსს, შესაბამისად:

  • კეთილსინდისიერად და სამართლიანად შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს შრომის კოდექსის რეფორმა იმგვარად, რომ მოხდეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარანტიების დადგენა და საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან;
  • გაითვალისწინოს პროფესიული კავშირების რეკომენდაციები

 

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/748071785927944/

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.