საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა – საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი, ესთერ ლინჩი ეწვია.
ევროპის პროფკავშირების პირველი პირი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა. მოგვიანებით, კი ჟურნალისტებისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც საერთაშორისო პროფკავშირულ ოჯახში რვა წლის განმავლობაში იკავებდა პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას და წლების განმავლობაში ადვოკატირებდა ყველა დონეზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა-გაძლიერებას, ქართველი დასაქმებულებისთვის საკითხის მნიშვნელობა განმარტა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის მოლოდინშია.
„მინდა, არა მხოლოდ პროფკავშირის წევრებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მივულოცო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღეს. ფაქტობრივად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ევროპის პროფკავშირი აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს. ამ საერთო ოჯახში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თითოეული მშრომელის ხმა, თითოეული მშრომელის გამოწვევა ხდება ამ დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა, რომელსაც ძალიან მჭიდრო და გავლენიანი ურთიერთობები აქვს ევროკავშირის ყველა სტრუქტურასთან. რა გზაც გაიარეს ევროპელმა მშრომელებმა, საქართველოში იმ გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა მოხდება. საქართველოს პროფკავშირები არაერთი საკითხის ადვოკატირებას ეწეოდა, ეს იყო მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, სოციალური დიალოგი, შრომის უსაფრთხოება, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე ხდება ამ დიდი და ძლიერი ოჯახის გამოწევა და პრიორიტეტი. თუ საქართველოს პროფკავშირმა იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო, მოახერხა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შესულიყო, შრომის ინსპექცია აღდგენილიყო და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული მიღწევები აქვს, ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, ამ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამის დასტური იყო. უახლოეს პერიოდში თქვენ უკვე ნახავთ თემებს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება ექნება იმ გარემოში, რა პირობებშიც მას მუშაობა უწევდა. ასევე, სასამართლოებთან დაკავშირებით ძალიან კარგი გამოცდილებების გაზიარება გვექნება, როგორიც არის ირლანდიის, სლოვენიის მაგალითები, წლობით რომ არ მოუწიოთ საქართველოს მოსახლეობას სასამართლოებში დგომა შრომით დავებთან დაკავშირებით. ჩემთვის მაინც პრიორიტეტული მინიმალური ხელფასია და ამას მაინც მივაღწევთ!“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ევროპის პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ესთერ ლინჩმა კი GTUC-ის მათ ოჯახში მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოს პროფკავშირებს ყველა იმ საკითხის ეფექტურ ადვოკატირებაში, რასაც ის მრავალი წელია აყენებს დღის წესრიგში და რაც უკვე არის საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში შესასრულებელი რეკომენდაციები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშრომელების ხმა ყველგან ისმოდეს იმ დარბაზებსა და ოთახებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, რაც ქართველ დასაქმებულებზე გავლენას იქონიებს. ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის პროფკავშირების კონფედერაცია მიჩნეულია სწორედ იმ მთავარ ორგანიზაციად, სადაც მშრომელების ხმა ყველა მათთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებით უნდა გაისმას. ეს ყველა საკითხს შეეხება, მათ შორის, გენდერულ უთანასწორობას, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებას, მინიმალურ ხელფასს. ანუ, ყველა საკითხი, რომელიც შრომით ურთიერთობებს შეეხება, სწორედ ამ ორგანიზაციაში წყდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქართველი მშრომელები წარმოდგენილები იყვნენ იმ მაგიდის ირგვლივ, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მშრომელებს შორის სოლიდარობა არის, სწორედ მაშინ მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხვედრს გააუმჯობესებს. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო, საქართველოს პროფკავშირებისგან ადგილზე გამეგო, თუ რამდენად შესაბამისობაშია მათი საქმიანობა იმ როლთან, რომელიც ევროპის კავშირში და ევროპის ქვეყნებშია განსაზღვრული. ასევე, გარკვეულწილად, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რათა მან ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც მშრომელთა უფლებების აღსრულებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით, ხელფასს და იმ პირობებს შეეხება, რა პირობებშიც მშრომელებს მუშაობა უწევთ.
შევხვდით საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მშრომელების მდგომარეობა. მივედით იმ დასკვნამდე და სწორედ ეს იყო მინისტრის მხრიდან გზავნილი, რომ დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის, ევროკავშირის ხელშეკრულების ძალით, მხოლოდ სოციალური დიალოგის გზითაა შესაძლებელი. მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ევროპის პროფკავშირების გაერთიანება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყოს ამ პროცესში, რადგან წარსულში სხვა ქვეყნებთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. მნიშვნელოვანია, ყველანი შევჯერდეთ იმაზე, რომ აუცილებელია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ყოველმხრივ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ იმისთვის, რომ ამ დიალოგის გზით იმ შედეგებს მივაღწიოთ, რომელიც ყველასთვის სასურველია. მიხეილ სარჯველაძე პროფესიით იურისტია, მეც იურისტი ვარ, საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ძალიან ხანგრძლივი, ამასთანავე, საკმაოდ ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გვერდის ავლით, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უფლებები იყოს არა თეორიულად, არამედ მისი გამოყენების საშუალება ჰქონდეთ რეალურად ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებს თავდაჯერებულობას შემატებს.
ჩვენ ევროპული პროფკავშირების ძალიან დიდი ოჯახი ვართ, რომელიც 45 მილიონზე მეტ მშრომელს მოიცავს, რამეთუ ჩემი ფუნქცია-მოვალეობაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო წევრი სახელმწიფოების პროფკავშირებს და მათ შორის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მნიშვნელოვანია, არა მარტო ის, რამდენად კარგია კანონი, თუნდაც ეს იყოს მინიმალური ხელფასის შესახებ ან მშრომელთა უსაფრთხოების შესახებ, არამედ რეალურად, რამდენად აღსრულებადია. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. საქართველოს პროფკავშირების შესახებ ვესაუბრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთაც დაბრუნების შემდეგ შევხვდები“, – განაცხადა ესთერ ლინჩმა.
ETUC-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პროფკავშირულ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ETUC-ის წესდების სტანდარტებს და კრიტერიუმებს. საქართველოსთვის და ქართველი დასაქმებულებისთვის იმ პროფკავშირების წევრობა, რომლის სოციალური პარტნიორებიც არიან: ევროკავშირი, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ნიშნავს როგორც ვალდებულებებს, ისე, ახალ სოციალურ გარანტიებს და მაღალ სტანდარტებს, რამაც ქვეყანას და ქვეყნის მუშახელს ხელშესახები დადებითი შედეგები უნდა მოუტანოს.