საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს შრომითი საქმიანობის განხორციელებას.
პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება სახელმწიფოს მიერ გატარებულ პრევენციულ და სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან, თუმცა აქვე ყურადსაღებია ამ პროცესში იმ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც კარანტინის თუ თვითიზოლაციის გამო ვერ ახერხებენ შრომითი მოვალეობების შესრულებას.
კერძოდ, აუცილებელია, საკარანტინო რეჟიმში მყოფ ადამიანებს, გაცდენილი სამუშაო დრო ჩაეთვალოთ საპატიოდ და სრულად აუნაზღაურდეთ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, აუცილებელია, ანალოგიური რეჟიმი გავრცელდეს თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებზე, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ ცხადდებიან სამუშაო ადგილებზე და იმყოფებიან იძულებითი მოცდენის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რადგან სოციალური პრობლემების გამო, შემოსავლის დაკარგვის შიშით, შესაძლოა ადამიანებმა თავი აარიდონ თვითიზოლაციას და საფრთხე შეუქმნან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, თვითიზოლაციაში მყოფილი პირების აღრიცხვა სახელმწიფოს მიერ.
პროფესიული კავშირების გაერთიანებისადმი მომართვიანობა ცხადყოფს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას პრაქტიკაში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ყველა დასაქმებულს, ვისაც ამ კუთხით ექმნება პრობლემა დასაქმების ადგილას.
ჩვენი მხრიდან, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გავაქუმეთ ან გადავდეთ მარტის თვეში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და საპროტესტო აქცია-მანიფესტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს:
დასაქმებულებს ისარგებლონ კანონით მინიჭებული, დრობითი შრომისუუნარობის გამო, შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით;
დამსაქმებლებს საპატიოდ ჩაუთვალონ და სრულად აუნაზღაურონ, კარანტინში ყოფნის ან თვითიზოლაციის გამო, გაცდენილი სამუშაო დრო;
სახელმწიფო სტრუქტურებს განახორციელონ მკაცრი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნას დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშროლოს შესაბმის სტრუქტურებთან.