საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პარტნიორი ქვეყნების პროფკავშირული ორგანიზაციებიდან და მათი თავმჯდომარეებისგან სამძიმრის და მხარდაჭერის წერილებს მთელი კვირაა იღებს.
ამერიკის პროფკავშირი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტყიბულელებს, მათ ოჯახებს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და მხარს უჭერს მათ მოთხოვნას სრული და გამჭვირვალე გამოძიების თაობაზე.
ამერიკის პროფკავშირების კონგრესი (AFL-CIO) მისი 12.5 მილიონი წევრის სახელით, გამოხატავს ღრმა მწუხარებას ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 მეშახტის დაღუპვის გამო. დაშავებული კიდევ 3 ადამიანს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ამერიკის პროფკავშირებისთვის მიუღებელია სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლის მიერ უსაფრთხოების უგულებელყოფა. საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ეფექტური სახელმწიფო შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას და ეს ამერიკის პროფკავშირს აძლევს საკმარის საფუძველს, პეტიციით მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მოითხოვოს გარკვეული სავაჭრო შეღავათების შეჩერება, ვიდრე შრომის ინსპექცია სრულყოფილად არ იქნება ამოქმედებული. ამერიკის პროფკავშირები მხარს უჭერენ საქართველოში პროფკავშირების მცდელობებს შრომის კანონმდებლობის და სათანადო შრომის ინსპექციის სისტემის შექმნისკენ.” ნათქვამია ოფიციალურ წერილში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ სამთო მომპოვებელ სფეროში, ისევე როგორც სხვა დარგებში, დასაქმებულებს საკუთარი ინტერესების დასაცავად სჭირდებათ დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირები.
თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაცია (DISK), ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში 6-ი მაღაროელის დაღუპვის გამო. “ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ სამწუხარო ცნობებს დასაქმებულებისგან. ინცინდენტების დიდი ნაწილი გამოწვეულია: 1. კომპანიების სიხარბით , რომლებიც არღვევენ შრომის უსაფრთხოების წესებს და 2. ხელისუფლების რომელიც არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ მძიმე დღეებში სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.
აზერბაიჯანის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სატარ მეხბალიევი მომხდარის გამო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და დაღუპულთა ოჯახების წევრებს უსამძიმრებს. მეხბალიევი ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ დაშავებული მაღაროელები მალე გამოჯანმრთელდებიან.