Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა

მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი, მარინე ბანეთიშვილი, თამარ თალაკვაძე, ხათუნა ცენტერაძე და ლევან ხაზიური უვადო შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულები იყვნენ ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში. ჯამლეტ ნარმანია და ტრისტან გურჩიანი სოციალურად დაუცველები, უვადოდ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობისა და 1-ლი ჯგუფის უსინათლოთა ინვალიდის (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის) სტატუსის მქონე პირები არიან. უვადოდ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა მარინე ბანეთიშვილიც.

მხარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა 2022 წლის 28 იანვარს მას შემდეგ, რაც უსინათლოთა კავშირმა გაათავისუფლა ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე. დასაქმებულებში ის სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, აფასებდნენ მის პროფესიონალიზმს, მზრუნველობასა და სამართლიანობას. თანამშრომლები მიიჩნევდნენ რა, ცირა ვეფხვაძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის ამხელდა უსინათლოთა კავშირში არსებულ კორუფციას და უსამართლობას, 2022 წლის 31 იანვარს 43-მა თანამშრომელმა წერილით მიმართა უსინათლოთა კავშირს. წერილში აღნიშნეს, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია და იმედს გამოთქვამდნენ, გააგრძელებდნენ მუშაობას ცირა ვეფხვაძესთანერთად.

2022 წლის 08 თებერვალს კავშირმა გამოსცა ბრძანებები მოსარჩელეების დისციპლინირების შესახებ იმ საფუძვლით, თითქოს მათ არასაპატიო მიზეზით გააცდინეს სამსახური. 2022 წლის 14 თებერვალს კი გაათავისუფლა ყველა მათგანი იმავე საფუძვლით, თითქოსდა ისინი განმეორებით არ ცხადდებოდნენ სამსახურში.

2022 წლის 14 მარტს მოსარჩელეებმა კავშირს ხელახლა მიმართეს და მოითხოვეს ქბ-ნი ცირას აღდგენა. იქიდან გამომდინარე, რომ კავშირი დათმობაზე არ მოდიოდა, მოსარჩელეებმა სხვა გათავისუფლებულებთან ერთად დაიწყეს საპროტესტო აქციები. 2022 წლის 29 ივნისიდან სამმა მათგანმა დაიწყო შიმშილობა. მანამდე 2022 წლის 02 მარტს და 01 აპრილს გათავისუფლებულებმაგანცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს შრომითი უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის მოთხოვნით. სახალხო დამცველმა 2022 წლის 25 ივლისს რეკომენდაციით მიმართა ცენტრს, სამსახურში აღედგინა გათავისუფლებულები. სახალხო დამცველმა დისციპლინირების გზით გათავისუფლებაში დაინახა გათავისუფლებისთვის ხელოვნური მიზეზის შექმნის მცდელობა და დაადგინა მოსარჩელეების შრომის უფლების დარღვევა.

უსინათლოთა კავშირში განვითარებული მოვლენების გამო შშმ პირებმა და ორგანიზაციებმა განცხადებით მიმართეს მთავრობას და ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებებს შშმ პირთა მიმართ, აგრეთვე, იმას, რომ უსინათლოთა კავშირში არსებობს არადემოკრატიული მართვის წესი.

მოსარჩელეებმა გათავისუფლების უკანონობის დასადგენად 2022 წლის 06 მაისსს სასამართლოს სარჩელითაც მიმართეს. მიმდინარე პროტესტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციამ, შიმშილობამ და საზოგადოებრივმა წნეხმა შედეგი გამოიღო და 2022 წლის 23 აგვისტოს სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგება. მორიგების აქტის საფუძველზე გაუქმდა დისციპლინირების შესახებ ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგნენ პოზიციებზე, რომლებიდანაც გათავისუფლდნენ და აუნაზღაურდათ განაცდური ხელფასი შეთანხმებული ოდენობით. მოსარჩელეებმა მუშაობა განაახლეს 2022 წლის 01 სექტემბრიდან.

აღდგენის შემდეგაც მოსარჩელეებს არ ჰქონიათ სამუშაოს შესასრულებლად სათანადო პირობები, ზეწოლის ქვეშ გრძნობდნენ თავს, სამუშაო გარემო დაძაბული იყო. საბოლოოდ, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოპასუხემ კვლავ გაათავისუფლა ოსარჩელეები ამჯერად რეორგანიზაციის საფუძვლით, თითქოსდა პოზიციები, რომლებსაც ისინი იკავებდნენ, უფუნქციო იყო.

მაგალითად, მოსარჩელე ლევან ხაზიური ცენტრის თეატრის რეჟისორი იყო, თუმცა მას არ ეძლეოდა სპექტაკლების დადგმის შესაძლებლობა; მოსარჩელე თამარ თალაკვაძე ცენტრის ქალთა ანსამბლის ლოტბარი იყო, არც მას ეძლეოდა რეპეტიციების ჩატარების საშუალება; მოსარჩელე მარინე ბანეთიშვილი ცენტრის ქალთა ანსამბლის სოლისტი იყო, ამავდროულად, სახელმწიფო კაპელის მომღერალია, თუმცა თითქოს ვერ გაიარა კონკურსი; მოსარჩელე ტრისტან გურჩიანი ცენტრის ბიბლიოთეკის კონსულტანტი იყო, რომლის ცოდნა და რჩევები სასარგებლო იყო უსინათლო მკითხველებისთვის, ისინი კმაყოფილები იყვნენ მისი მომსახურებით, თუმცა, ცენტრის პოზიციით, ამ შტატზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება ბიბლიოთეკარებსაც შეეძლოთ მაშინ, როცა მოწმედ დაკითხულმა ცენტრის გამგეობის წევრმა საპირისპირო რამ თქვა; მოსარჩელე ხათუნა ცენტერაძეც ცენტრის ქალთა ანსამბლის კონცერტმაისტერი და ვაჟთა ანსამბლის მომღერალი იყო, მომღერლის შტატის არსებობის მიუხედავად, ის მაინც გაათავისუფლეს; მოსარჩელე ჯამლეტ ნარმანია კი, უშუალოდ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების გარდა, წლების განმავლობაში უსინათლოებს ეხმარებოდა გადაადგილებაში, მონაწილეობას იღებდა ცენტრის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში, იღებდა წარმოდგენებს და სხვ. ამის მიუხედავად, ცენტრმა მისი შტატიც უფუნქციოდ ჩათვალა.

გათავისუფლებულებმა პროფკავშირების დახმარებით სარჩელით მიმართეს სასამართლოს. 2023 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ა(ა)იპ უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი ხელფასის შესაბამისად, რაც ჯამურად დღეის მდგომარეობით შეადგენს ხელზე ასაღები ოდენობით 13 500 ლარს. განაცდურის ოდენობა გაიზრდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლომ ცენტრს, აგრეთვე, მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია ხელზე ასაღები 800-800 ლარის ოდენობით (ჯამურად 4800 ლარი).

სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხია უსინათლოთა კავშირში ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა განმავლობაში უხეშად და არერთგზის დაირღვა უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების შრომის უფლება და გამოხატვის თავისუფლება.

მოსარჩელეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.