Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციას სამართლებრივი დავა მოუგო.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მამუკა გელაშვილის, სოსო ტაბატაძის და გიორგი სახვაძის სარჩელი ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის მიმართ, ბათილად ცნო ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით და კორპორაციას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა სოლიდური კომპენსაციების გადახდა.

საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაანთავისუფლა სამსახურიდან.

აღსანიშნავია, რომ სამივე დასაქმებული აქტიურ პროტესტს გამოთქვამდა შრომითი პირობების გამო და მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდა 2019 წელს.

მაშინ პროტესტი დასრულდა შეთანხმებით, თუმცა დამსაქმებელმა სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით გაანთავისუფლა სამსახურიდან პროტესტში მონაწილე პირები, მათ შორის მოსარჩელეები:

– მამუკა გელაშვილს და თავად დამსაქმებლის ნებით უხელფასო შვებულებაში ყოფნის დროს სამუშაო ადგილზე თვითნებურად, საპატიო მიზეზის ქონისა და დამსაქბელ კომპანიასთან სავალდებულო შეტყობინების გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით.

– სოსო ტაბატაძეს სამსახურში, თითქოსდა 20 წუთით დაგვიანების მოტივით ,,დაკისრებულ ვალდებულებათა განმეორებით დარღვევის გამო“.

– გიორგი სახვაძეს თითქოსდა მისი მხრიდან ,,დაკისრებულ ვალდებულებათა განმეორებით დარღვევის გამო“.

მოსარჩელეებმა პროფკავშირის დახმარებით წერილობით მიმართეს მოპასუხეს და ითხოვეს: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ/სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების/ბრძანებების, გადაწყვეტილებების/ ბრძანებების დასაბუთების და მათ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ ინფორმაციის მათთვის გადაცემა/მიწოდება.

მოსარჩელეებს, მათი მოთხოვნის საპასუხოდ მოპასუხის მხრიდან გადაეცა არაარგუმენტირებული დასაბუთება/ინფორმაცია, სადაც მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა ს.შ.კ.-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის საფუძველზე ,,დაკისრებულ ვალდებულებათა განმეორებით დარღვევის გამო“.

იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ურთიერთობის მოპასუხის მხრიდან უკანონოდ შეწყვეტის შედეგად მოსარჩელეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, მათ მიადგათ და ადგებათ ზიანი, მოსარჩელეებმა თავიანთი დარღვეული შრომითი უფლებების/ინტერესების დაცვა/აღდგენის უზრუნველსაყოფად მომართეს ზესატაფონის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია განმეორებითი დისციპლინარული ღონისძიების დარღვევას, ასევე ერთ-ერთ მოსარჩელეს არ დაუწერია რანაირი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში იცავდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები სერგო მახარაძე და ირაკლი მხეიძე.

პროცესში, ასევე აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.