Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რა უნდა იცოდეთ, როცა თვლით, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს და შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზეც უარს გეუბნებიან

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დამსაქმებლები შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცემას ხშირად თავს არიდებენ, რაც შრომითი უფლებების რეალიზებისა და ეფექტიანად დაცვისთვის პრობლემური საკითხია. ასეთ დროს არსებითი მტკიცებულებების დროულად მოპოვებაც რთულია. სწორედ ასეთი ვითარება იყო, როდესაც შპს ბი თიეი ჯორჯიაში ბარისტას პოზიციაზე დასაქმებულმა დინა ხორგუანმა მოგვმართა და განმარტა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან ერთად დამსაქმებელი მას შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემაზეც უარს ეუბნებოდა.

დინა ხორგუანი შპს ბი თი ეი ჯორჯიაში 2022 წლის 15 სექტემბრიდან დასაქმდა, 21 ნოემბერს კი დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გადასცა.

სამსახურიდან გათავისუფლებულმა 19 დეკემბერს დამსაქმებელს განცხადებით მიმართა, რომ დაესაბუთებინა გათავისუფლების მოტივი და, ამავდროულად, მიეწოდებინა მისთვის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დოკუმენტები: შრომითი ხელშეკრულება და სხვ. დინა ხორგუანს შრომითი ხელშეკრულება არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც მერე არ გადასცემია. ის კი უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება პროფკავშირის დახმარებითა და სასამართლოს მეშვეობით გადაწყვიტა. ხორგუანი „ლაბორის“ წევრია. მის ინტერესებს  პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

დამსაქმებელმა დოკუმენტების გადაცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, თითქოსდა დინა ხორგუანს ყველა ეს დოკუმენტი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას გადაეცა და შენახვის ვალდებულებაც თავად ჰქონდა. 28 დეკემბერს ხორგუანმა პროფკავშირის დახმარებით საჩივრით მიმართა სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

სამსახურის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის გადაცემა დაევალა.

მნიშვნელოვანია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება მოიაზრებს, მათ შორის, ადამიანის უფლბას, გაეცნოს პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციას. ამასთან, სამსახურმა განმარტა, რომ პერსონალურ მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლებას აქვს დამხმარე ფუნქცია სხვა უფლებების რეალიზებისთვის.

საგულისხმოა ისიც, რომ დინა ხორგუანმა გათავისუფლების უკანონობის დასადგენად სარჩელით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა, სასამართლოს დამსაქმებლისგან გამოეთხოვა შრომითი ხელშეკრულება და სხვ. დოკუმენტები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სწორად განმარტა კანონი და არ დაუდგენია, რომ მის წარმოებაში არსებული საჩივრისა და სასამართლოში განსახილველი საქმის დავის საგანი იდენტური იყო. შესაბამისად განიხილა საჩივარი და გადაწყვეტილებაც მიიღო.

საქალაქო სასამართლოში დავა გრძელდება. დინახორგუანი პროფკავშირებთან ერთად მის საქმეზე დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.