რითეილ სექტორი და დასაქმებულთა შრომითი უფლებები – სასტუმრო სტამბაში პროფკავშირებსა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის თემა იყო შრომის კანონმდებლობის ცვლილებები და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები რითეილ სექტორისთვის, ასევე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობა.
შეხვედრა გახსნა ირაკლი პეტრიაშვილმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და მირანდა მანჯგალაძემ, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ. რითეილ ასოციაცია აერთიანებს ორგანიზებული ბაზრის 12 საცალო ქსელურ კომპანიას, ესენია: უნივერსამი, დეილი, კარფური, სმარტი, მაგნიტი, ნიკორა, ზღაპარი, გუდვილი, სპარი, აგროჰაბი, გალფ სთორი და ვეი მარტი. აღნიშნული კომაპნიები, მთლიანობაში 30,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი.