Search
Close this search box.
Search
Close this search box.

როგორი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი ?

მინიმალური ხელფასი – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა – ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

„სიცოცხლის უზრუნველყოფა გახლავთ სახელმწიფოს ფუნქცია. 130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე რომ იცოცხლოს, ამაზე ნაკლები ხელფასი. 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 23 500 ადამიანს, რაც ბუნებრივია, ქვეყნისთვის ქმნის უამრავ გამოწვევას და საფრთხეს. ფაქტია ის, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი გარემო იყოს და სამართლიანი გარემო მანამდე ვერ იქნება, ვიდრე ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ ბიუჯეტს ფული მოპაროს. ფულის მოპარვა გამოისახება სწორედ დღეს არსებულ მინიმალურ ხელფასში. ვერ დამანახებთ ვერც ერთ დასაქმებულს, რომელიც 20 ლარად თანახმაა, რომ დასაქმდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კონვერტით ხდება ხელფასების გადახდა. კონვერტით ხელფასების გადახდა კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი ადეკვატურად არ შედის. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტს უჩნდება პრობლემები იმ სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, სადაც იგივე საარსებო შემწეობა გახლავთ 40-დან 60 ლარამდე, რაც ასევე ბევრად ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი. ეს არის კოლოსალური პრობლემები. არ ვამბობ, რომ ყველაფერს მოაგვარებს მინიმალური ხელფასი და მხოლოდ 1 კომპონენტი, იგივე პროგრესული გადასახადები და ა.შ., მაგრამ ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ადეკვატური მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში. კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანებამ გააკეთა მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაცია.

კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას. კონფერენციას დაესწრნენ პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები გერმანიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური მისიებიდან.

პროფკავშირების მიერ მომზადებული პროექტის ინიცირება პარლამენტში ახლო მომავალში იგეგმება.

ფოტორეპორტაჟი

 

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/417710795444306/

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.