Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირელმა თბომავლის მემანქანემ „რუსთავის აზოტს“ სასამართლო დავა მოუგო

„რუსთავის აზოტში“, თბომავლის მემანქანის პოზიციაზე დასაქმებულ კობა გოჩიაშვილს, რომელსაც თმობამავლის მანქანით ცისტერნებისა და ვაგონების მეშვეობით გადააქვს ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა: ამიაკი, გოგირდმჟავა, ციან მარილი, სულფატი და სხვ., საწარმოს მიერ მიწვეულმა საექსპერტო დაწესებულებამ განუცხადა, რომ მემანქანის პოზიცია არ განეკუთვნებოდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა კატეგორიას. შესაბამისად, მასზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების უფლება და სახელფასო დანამატი.

საწარმოში ჯერ კიდევ 1997 წლიდან დასაქმებული მემანქანე, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებელია, როგორც თავისი, ისე, მესამე პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ტვირთის საამქროებში უსაფრთხოდ გადატანაზე და მისი სამუშაო ციკლი ხასიათდება განსაკუთრებული დაძაბულობით, არსებული დასკვნით აღშფოთდა და დახმარებისთვის პროფკავშირებს მიმართა.

კობა გოჩიაშვილი მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრია და მან საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ კარგად იცის. მის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ქეთევან ჩხაიძე იცავს.

„რუსთავის აზოტის“ მემანქანემ პროფკავშირების გაერთიანების იურისტის დახმარებით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ დადგენილიყო, იყო თუ არა თბომავლის მემანქანის პოზიცია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა კატეგორიაში შესატანი. ამასთან, ეკუთვნოდა თუ არა იმ უპირტესობებით სარგებლობა, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული სტატუსის მქონე დასაქმებულებისთვის.

საწარმომ მის მიერ დაქირავებული საექსპერტო დაწესებულების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. მოსარჩელე მხარემ კი სასამართლოს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გააცნო, რომელიც ადასტურებდა, რომ თბომავლის მემანქანის პოზიცია შრომითი დაძაბულობით ხასიათდებოდა და მავნე სამუშაოს წარმოადგენდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დასაქმებულის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ თბომავლის მემანქანის პოზიცია ნამდვილად წარმოადგენს მავნე სამუშაოს.

„რუსთავის აზოტს“ კობა გოჩიაშვილის სასარგებლოდ 1 წლის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებისა და 1 წლის სახელფასო დანამატის ანაზღაურება დაევალა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.