პროფკავშირების ჩართულობით, სასამართლოს წარმოების პროცესში, მხარეებმა მოლაპარაკება შეძლეს – „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდურ თანხებს გადაუხდის. გ.ო მიიღებს ხელზე ასაღებ 22 358.79, ხოლო გ.ტ ხელზე ასაღებ 16 740.90 ლარს.
2023 წლის 9 აგვისტოს, შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა ნაწილი, მათ შორის, გ.ტ და გ.ო. უნდა შემოწმებულიყო.
გ.ო ყვება, რომ ფიზიკურად არ შეეძლო სამუშაო ადგილის დატოვება აღნიშნულ დღეს. ხოლო გ.ტ განმარტავს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა იმ კონკრეტულ დღეს შემოწმებაზე. მოცემულ ფაქტზე შედგა შესაბამისი აქტი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულებს მოეთხოვათ 24 საათის განმავლობაში ნარკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა-არ ყოფნის შესახებ ცნობის წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა დათქმულ ვადაში წარუდგინეს დამსაქმებელს შესაბამისი ცნობები, რომლითაც მოხმარების ფაქტი არ დადასტურდა, დამსაქმებელმა დასაქმებულებთან 2023 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებები შეწყვიტა.
ორივე მოსარჩელე კომპანიაში წლების მანძილზე იყო დასაქმებული. გ.ო საბაგირო სამსახურის ცვლის უფროსის თანამდებობას იკავებდა და 2008 წლიდან, გ.ტ კი მთავარი სპეციალისტი გახლდათ და 2016 წლიდან მუშაობდა. ისინი დროის სხვადასხვა პერიოდში დაწინაურდნენ კიდეც, რაც რეალურად იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ორივე მათგანი საქმეს ჯეროვნად ასრულებდა.
შესაბამისად, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება უსამართლო იყო. ამიტომ, მათ დახმარების თხოვნით თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირს მიმართეს. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. დასაქმებულთა ინტერესებს გაერთიანების იურისტი ქეთევან ჩხაიძე იცავდა.
პროფკავშირების ჩართულობით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები წარიმართა და მხარეები სასამართლო წარმოების პროცესში მორიგდნენ.